თბილისის 159-ე და 124-ე საჯარო სკოლების მოსწავლეების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის 159-ე და 124-ე საჯარო სკოლების მოსწავლეების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2024 წლის 26 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის 159-ე და 124-ე საჯარო სკოლების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. 

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, ადამიანის გენომის და ეპიგენომის ლაბორატორია. მათ უმასპინძლეს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ და მუზეუმის დირექტორმა ბელა ფარცხალაძემ.

მოსწავლეებმა, ასევე, მოინახულეს თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, სადაც ისინი გაეცნენ სიმულატორებისა და მანეკენების ფუნქციებსა და მათ დანიშნულებას.

სკოლის მოსწავლეებს სიმულაციებზე დაფუძნებული სწავლების და ცენტრის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის/დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ, ტრენინგები, კი, ჩაუტარეს ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა - ექიმმა პედიატრმა ნანა ჯიქიძემ და სპეციალისტმა ჯემალ მაჭავარიანმა, რომლებმაც მოსწავლეებს აჩვენეს სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარების წესები (ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმი, გადაუდებელი დახმარების ჩატარება, ნახვევების დადება, უცხო სხეულის ამოგდების ტექნიკა).

გარდა ამისა, თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა კვარაცხელიამ მოსწავლეებს  მიაწოდა ინფორმაცია ევროპის დნმ-ის დღისადმი მიძღვნილი ესეების და ვიდეო კონკურსის შესახებ (www.dnaday.eu), რომელშიც მოსწავლეები ყოველწლიურად საქართველოდანაც იღებენ მონაწილეობას. 

აღსანიშნავია, რომ 159-ე და 124-ე საჯარო სკოლები ჩართულნი არიან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პროექტში „ჩემი მომავალი პროფესია“, აქედან გამომდინარე, მათი ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას.