თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ირლანდიაში

თსსუ-ის იმუნოლოგიის დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ირლანდიაში

 2024 წლის 1-5 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი იმყოფებოდნენ დუბლინში (ირლანდია) გამართულ ევროპის იმუნოლოგთა მე-7 კონგრესზე. კონგრესის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ იმუნოლოგიის დეპარტამენტის ახალგაზრდა მეცნიერები: ნინო თორია, სოფიო მეტრეველი და ნინო ნანავა. 

თსსუ-ის იმუნოლოგების ჯგუფი კონგრესზე სამეცნიერო ნაშრომებით წარსდგა. ასევე, ღონისძიებაზე გამართულ სამუშაო შეხვედრებს თავმჯდომარეობდნენ პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი. აღსანიშნავია, რომ თინათინ ჩიქოვანი პოსტერული სესიის ჟიურის წევრიც გახლდათ. 

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლები  შეხვდნენ  გაერთიანებული სამეფოს ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის ლიპიდური მედიატორების განყოფილების დირექტორს, მოლეკულური ფარმაკოლოგიის პროფესორს, ჯესმონდ დალის, რომელმაც ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, როგორც პარტნიორი ორგანიზაციის, ჩართვის სურვილი გამოთქვა. ერთობლივ საპროექტო წინადადებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და საკონკურსოდ მისი წარდგენა  2024 წლის ოქტომბერში იგეგმება.