თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელს საქართველოში სილვიუ დომენტეს უმასპინძლა.
თსსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სილვიუ დომენტემ, რომელმაც საქართველოში საქმიანობა დაასრულა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატორშვილის მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობაზე, რომელიც წლების განმავლობაში ჯანდაცვის, სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით წარმატებით ვითარდებოდა.
სილვიუ დომენტემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი მისიის დასრულებისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებასა და ჯანდაცვის სისტემისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში.
შეხვედრის დასასრულს სილვიუ დომენტემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი საკუთარ გამოსამშვიდობებელ საღამოზე მიიწვია და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და აკადემიური საზოგადოების მიმართ.
სილვიუ დომენტეს თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ის თსსუ-ის არაერთხელ ეწვია მნიშვნელოვანი აკადემიური, სამეცნიერო და ჯანდაცვის ერთობლივი პროექტების ფარგლებში და აქტიურად მონაწილეობდა თსსუ-ში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში. მათ შორის: მასშტაბურ სამეცნიერო კონფერენციაში „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“, სადაც ხაზი გაესვა კლინიკური ფარმაციის განვითარების პერსპექტივებს. სილვიუ დომენტე ასევე სიტყვით გამოვიდა თსსუ-ის ბავშვთა სნეულებების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩატარდა. სილვიუ დომენტემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პანდემიის შემდგომ პერიოდში ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით შექმნილ პროექტებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩართულობის პროცესში. საქართველოში მისი საქმიანობის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გაეროს სხვა სააგენტოებთან (მაგალითად, UNICEF) პარტნიორობით, უნივერსიტეტში დაინერგა სპეციალური სასწავლო კურსები მომავალი თაობის ექიმებისთვის ინტერპერსონალური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით.
სილვიუ დომენტე საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციას 7 წლის განმავლობაში, 2019 წლის აპრილიდან 2026 წლის ივლისის ბოლომდე იკავებდა.