2023 წლის 6-8 ოქტომბერს კახეთში, სასტუმროში ,,Lopota Lake Resort & Spa" ჩატარდა XV საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია’’. ღონისძიება ტრადიციულად იმართება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიისა და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაციის ეგიდით.
წლევანდელი კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა- ,,ქართული ღვინის ფენომენი და მისი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე’’.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს თსსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა, მოწვეულმა პედაგოგებმა, ახალგაზრდა მეცნიერებმა, სტუდენტებმა, დოქტორანტებმა და დარგის სხვა წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები, როგორც ქართული ღვინის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მოქმედების შესახებ, ისე სამედიცინო ეკოლოგიის თანამედროვე საკითხებზე.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პროფესორ რამაზ ყურაშვილის და თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ქალბატონ ნინო ჭუმბურიძის ონლაინ პრეზენტაციები.
შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე ჩატარდა თსსუ-ის პროფესორის, ბიძინა ზურაშვილის და ასოცირებული პროფესორის, მარინა გიორგობიანის წიგნის ,,სამედიცინო ეკოლოგია’’ მეორე, განახლებული გამოცემის პრეზენტაცია.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ჟურნალში ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“.