თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წლევანდელი კამპანიის – „ჩამოხსენი ნიღაბი თამბაქოს ინდუსტრიას“ ფარგლებში თსსუ-მ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებას უმასპინძლა.
კამპანია თსსუ-ის სტუდენტების მიერ ორგანიზებული სიმბოლური პერფორმანსითა და საინტერესო ქეისების მიმოხილვით გაიხსნა, რომელთა მიზანი თამბაქოს ინდუსტრიის მავნე მარკეტინგული პრაქტიკების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება იყო.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - პანელური დისკუსია - თამბაქოს ინდუსტრიის მავნე სტრატეგიების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის მექანიზმების შესახებ საუბარს დაეთმო. დისკუსიის ფარგლებში ექსპერტებმა ასევე უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებსაც.
პანელური დისკუსიის სპიკერები იყვნენ: თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ბახტურიძე; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლელა სტურუა; ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე; ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის თავმჯდომარე ირინა ბერკაცაშვილი-ნიკოლაიშვილი; და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი ლევან ბარამიძე.
მომხსენებელთა შეფასებით, თამბაქოს კონტროლი საჭიროებს მულტისექტორულ, კოორდინირებულ და თანმიმდევრულ ძალისხმევას. როგორც აღინიშნა, აუცილებელია საზოგადოებრივი, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მოქმედება, რათა შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და დაცული იქნას იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობა. ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდების როლზე, როგორც საზოგადოებრივი ცვლილებების მამოძრავებელ ძალაზე. ხაზგასმით თქვა, რომ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება წარმოადგენს პირველ და გადამწყვეტი ნაბიჯს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, სადაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია საუნივერსიტეტო სივრცეს და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა გამოავლინეს სტუდენტური ვიდეორგოლების კონკურსის „ვამხილოთ თამბაქოს ინდუსტრია“ – გამარჯვებულები. კონკურსი მიზნად ისახავდა, თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიის მავნე სტრატეგიების მხილების მიზნით, კრეატიული ვიდეორგოლების და გზავნილების შექმნას.
ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, ელექტრონული აპლიკაციის საშუალებით მონაწილეობა მიეღო გამოკითხვაში და ეპასუხა კითხვებზე, რომლებიც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ გავრცელებულ მითებსა და რეალობას ეხებოდა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი.
იხილეთ კონკურსში გამარჯვებული ვიდეოები: