თსსუ-ში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-6 ნაწილის ჩვენება

თსსუ-ში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-6 ნაწილის ჩვენება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველო“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთი მე ვარ“ მე-6 ნაწილის ჩვენებას უმასპინძლა. ფილმი ეძღვნება  აფხაზეთის ომის მონაწილე ექიმებს, მათ პროფესიულ და ადამიანურ გმირობას. ექიმები თავად მოგვითხრობენ საკუთარ ისტორიებს — როგორ იბრძოდნენ სიცოცხლის გადასარჩენად, თანაბრად, როგორც ქართველი, ასევე აფხაზი პაციენტებისთვის. 

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და აფხაზეთის მთავრობა.

პროექტის ავტორთა და პროექტის ორგანიზატორთა თქმით, ფილმი მიზნად ისახავს  ახალი თაობებისთვის ისტორიის გაცნობას. 


„პროექტის მიზანია, მადლობის გადახდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ომში პროფესიული და ჰუმანური ფასეულობებით იღვწოდნენ. ეს ისტორიები უნდა იქცეს მოტივაციის წყაროდ მომავალი თაობებისთვის. ვფიქრობთ, რომ ფილმი წარმოადგენს როგორც  საქართველოს მოქალაქეების, ასევე აფხაზი საზოგადოების ინტერესის სფეროს, ვინაიდან იგი აჩვენებს იმ რეალობას, სადაც ქართველი ექიმები ეხმარებოდნენ ყველას — მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა.“

ღონისძიების დასასრულს სტუმრებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

„თუ ადანმიანი შინაგანად და მოწოდებით ექიმი არ ხარ – ექიმი ვერ გახდები. ამ ადამიანებმა, მაშინდელმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დღევანდელი თვალთახედვით ბავშვებად მიგვაჩნია, გამოავლინეს ყველა ის თვისება, რაც მომავალი ექიმის, ვაჟკაცისა და მეომრისთვის არის დამახასიათებელი. ექიმიც ხომ მებრძოლია – მებრძოლი სიცოცხლისათვის, რომელიც ყოველ ჯერზე სიკვდილს ებრძვის პაციენტის გადასარჩენად.“
პროფესორი ირაკლი ნატროშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი განმარტებით, თსსუ აქტიურად ჩაერთვება ფილმის მომდევნო სერიების დაფინანსებაში: „ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისთვის , მნიშვნელოვანია ასეთი ისტორიული ფაქტების შენარჩუნება, დაფასება და ახალგაზრდებისთვის გადაცემა. ფილმის გაგრძელება უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა მომავალ თაობებს ახსოვდეს  საქართველოს ისტორიის  ის დიდი ნაწილი რომლის თანამედროვეებიც ჩვენ გავხდით  და  რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია. უნივერსიტეტი მზად არის გამოყოს შესაბამისი დაფინანსება და მხარი დაუჭიროს შემოქმედებით ჯგუფს ამ უმნიშვნელოვანესი საქმის გაგრძელებაში.“

„აფხაზეთი მე ვარ“ - კომპლექსური პროექტია, რომლის ავტორი და განმახორციელებელი ორგანიზაცია „თაობა 21 საქართველოა“. პროექტის  ფარგლებში გადაღებულია 6 დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი და უკვე გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნი, რომელშიც თავმოყრილია 73 მეომრის ისტორია.