თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პრეზენტაცია

თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პრეზენტაცია

23 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა. 

ლაბორატორიის მაკროდიაგნოსტიკის, ჰისტოპათოლოგიის, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე  სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების შესაძლებლობები აუდიტორიას წარუდგინეს: პათოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ომარ ხარძეიშვილმა, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ჩიხლაძემ, ციტოპათოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  რიმა ბერიაშვილმა,  მოლეკულური პათოლოგიის განყოფილების უფროსმა, პროფესორმა გია ბურკაძემ და ქეთევან კანკავამ - თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მთავარმა სპეციალისტმა, მოლეკულური პათოლოგიის მიმართულებით.

მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ სერვისებზე, რომელთა მიწოდებას  ლაბორატორია უახლესი ტექნოლოგიის აპარატურით უზრუნველყოფს. ეს სერვისები წარმოადგენს: ჰისტოპათოლოგიურ კვლევებს, რომელიც მოიცავს ყველა ორგანოს  სიმსივნური და არასიმსივნური პათოლოგიების პოსტოპერაციული და ბიოფსიური მასალის დამუშავებასა და დიაგნოსტიკას.  იმუნოჰისტოქიმიური კვლევებს, რომელიც მოიცავს ყველა ორგანოს სიმსივნური პათოლოგიების ფენოტიპირებას, უცნობი წამოშობის სიმსივნის ვერიფიკაციას და დამიზნებითი თერაპიის მარკერების გამოვლენას. ასევე, მოლეკულური პათოლოგიის მიმართულებით ლაბორტორიაში არსებულ ახალ შესაძლებობებს - in-situ ტექნოლოგიით სამიზნე გენების და ვირუსული აგენტების გამოვლენას და  ციტოპათოლოგიური მიმართულების კვლევებს, რომელიც  მოიცავს ყველა ორგანოს ციტოლოგიური მასალის, სეროზული ღრუების მასალის და სხვა ციტოლოგიური მასალის შესწავლას.

ღონისძიებას თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, თსსუ-ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, რეზიდენტები, თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკების, თსსუ-ის აფილირებული კლინიკების და ქალაქის სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აუდიტორიამ გამოხატა დაინტერესება ლაბორატორიის მომსახურების მიმართ. მათ კითხვებს მომხსენებლებმა დეტალურად უპასუხეს.

პრეზენტაციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ თსსუ-ის პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორია და ადგილზე  გაცნობოდნენ უახლესი ტექნოლოგიების აპარატებს.