2018 წლის 25-26 ოქტომბერს, ქ. ასტანაში (ყაზახეთი) ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და ყაზახეთის ონკოლოგიისა და რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევი ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის გლობალური კონფერენცია „ალმატიდან - ჯანდაცვის მომსახურეობით საყოველთაო მოცვა, მდგრადი განვითარების მიზნებისაკენ“, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის/UNICEF ალმატის დეკლარაციის მიღების 40 წლისთავს.
ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის აქტუალური საკითხებისა და სკრინინგის ეფექტიან მენეჯმენტში, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობის განსახილველად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, აშშ კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის ექსპერტებთან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ონკოლოგიური ცენტრების დირექტორებთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტის და მომხსენებლის რანგში მიწვეული იყო თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.
კონფერენციის ერთ-ერთ სესიას, სახელწოდებით - „პირველადი ჯანდაცვის როლი კიბოს პრევენციაში, დაავადების ადრეულ გამოვლენასა და გამოჯანმრთელებული პაციენტების მართვაში“, თანათავმჯდომარის სტატუსით დაესწრო ბატონი ირაკლი და წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებათა სკრინინგის შესახებ. მოხსენების დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდა სკრინინგის მნიშვნელობაზე, საქართველოში სკრინინგით მოსახლეობის მოცვის ხარისხსა და მასშტაბზე, სკრინინგის ისტორიასა და შედეგებზე.
შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მართვის ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემის ჩამოყალიბება.