ჰარვარდელი პედაგოგები თსსუ–ის სტუდენტებს  ნეირორეაბილიტაციის კურსს უკითხავენ

ჰარვარდელი პედაგოგები თსსუ–ის სტუდენტებს ნეირორეაბილიტაციის კურსს უკითხავენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჯეიმს ლიიმ (James Lee) და  ჯაე ჩოემ (Jae Choe) პრაქტიკული სალექციო კურსის წაკითხვა დაიწყეს.

როგორც დაგეგმილი იყო, რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფიზიკური მედიცინის მიმართულებაზე ისინი 2014 წლის მარტიდან წაიკითხავენ კურსს „ფიზიკური რეაბილიტაცია და კლინიკური პრაქტიკა“, „ტკივილის მართვა“  და „ცერებრული დამბლის რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები“.

ჰარვარდის სკოლის პედაგოგები ჯეიმს ლიი და ჯაე ჩოე ნეირორეაბილიტაციის დარგში მუშაობენ. საქართველოში ეს დარგი საკმაოდ დიდ ყურადღებას და განვითარებას საჭიროებს. მოწვეული სპეციალისტები დაწყებული ეთიოლოგიიდან, დამთავრებული მკურნალობით და რეაბილიტაციით, ყველაფერს უაღრესად ახალი, თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით ასწავლიან სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი პრაქტიკოსი პედაგოგები არიან, აქვთ სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება, თანაც ძალიან ავტორიტეტულ უნივერსიტეტში. ნეირორეაბილიტაცია პაციენტის საერთო რეაბილიტაციის 60 %–ია. ამდენად, თემა ძალიან საჭიროა სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს უკვე ჩაუტარდათ ლექცია თავის ტვინის, ზურგის ტვინის დაზიანებაზე, ცერებრალურ დამბლაზე. მომავალი ლექცია ინსულტზე იქნება.

ჯეიმს ლიი და ჯაე ჩოე  სამი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ მეცადინეობებს თსსუ–ში, გააშუქებენ ნეირორეაბილიტაციის პრობლემებს,  იქნება პრაქტიკული მეცადინეობები.  პირველი კურაცია უკვე მიმდინარეობს, შემდეგი კურაცია დაიწყება 22 აპრილს, გაგრძელდება ორი კვირა. თემა იქნება „ტკივილის მართვა“. ეს უმნიშვნელოვანესი თემაა, რადგან ტკივილი – ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რითიც ექიმთან მიდის პაციენტი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ტექნიკური ბაზა პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად. ძალიან სასიამოვნოა, რომ ფიზიკური  მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრში ყველაფერი დახვდათ, რაც საჭიროა მსგავსი სწავლებისთვის, რაც ნამდვილად აკმაყოფილებს ჰარვარდის უნივერსიტეტში აპრობირებული სასწავლო–პრაქტიკული კურსის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლელა მასხულიას შეფასებითა და ამავე ფაკულტეტის IV  კურსის სტუდენტების აზრით, ეს უაღრესად საინტერესო და თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით შემდგარი სალექციო–პრაქტიკული კურსია, რომლის მოსმენაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით, უალტერნატივოა დღევანდელ რეალობაში.