თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უკვე მეორედ უმასპინძლა TEDx-ის ლიცენზიის მქონე, საერთაშორისო მასშტაბის ინგლისურენოვან ღონისძიებას TEDxTSMU-ს. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია — „აღმოაჩინე იდეების ძალა“.
TEDxTSMU-ის მიზანია ინოვაციური და შთამაგონებელი იდეების და ხედვების გაზიარება, ასევე მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიება გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც აღნიშნა:
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მიიღო TEDx ღონისძიების ჩატარების ლიცენზია ინგლისურ ენაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნივერსიტეტის საერთაშორისო ორიენტაციას და მის აქტიურ როლს გლობალურ აკადემიურ სივრცეში.“
წლევანდელ TEDxTSMU -ს სპიკერები იყვნენ სხვადასხვა დარგის როგორც უცხოელი, ასევე ქართველი პროფესიონალები:
• გიორგი გაგოშიძე – ქუჩის მხატვარი
• ეზრა ფრიმენი – კონტენტკრეატორი და ტელეწამყვანი
• დარო სულაქაური – ფოტოგრაფი, TED-ის ფელოუ, ადამიანის უფლებათა დამცველი
• პროფ. თინათინ ტყემალაძე – თსსუ-ის გენეტიკის კათედრის ხელმძღვანელი
• ნიკოლოზ კვაჭაძე – გადაუდებელი მედიცინის ექიმი
• ჯანადი კარავიტა – თსსუ-ის მე-6 კურსის სტუდენტი
• ემან ელიმამი – თსსუ-ის მე-6 კურსის სტუდენტი
ღონისძიებაზე ერთ-ერთმა სპიკერმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ, იშვიათ დაავადებებსა და დიაგნოზის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით:
„მიუხედავად იმისა, რომ იშვიათი დაავადებები ინდივიდუალურად იშვიათია, ერთობლივად ისინი საკმაოდ ხშირია და მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს აღენიშნება და ჩემი გამოსვლა ამ 300 მილიონი ადამიანის ხმაა.“