აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის ტრენინგ-კურსი

აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის ტრენინგ-კურსი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ემორის უნივერსიტეტმა (ატლანტა, აშშ) და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის (US Walter Reed Army Institute of Research – WRAIR) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ტრენინგ-კურსს უმასპინძლა. 

ტრენინგებს, რომელიც 2024 წლის 4-8 ნოემბერს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა, ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის და არმიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის პროფესორები: პოლკოვნიკი როზან რესნერი, მაიორი ბენჟამინ კასტერი და პოლკოვნიკი ჯეისონ ბენეტი უძღვებოდნენ. 

კურსის მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება იყო, მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლებმა. სემინარების და სამუშაო შეხვედრების თემატიკა მოიცავდა შიდაჰოსპიტალური ინფექციების იდენტიფიცირების ტექნიკას, პრევენციის ზომებს, ინფექციის რისკის შეფასებისა და მართვის თანამედროვე პრინციპებს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობასთან 1995 წლიდან თანამშრომლობს. 2024 წლის სექტემბერში ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტმა აშშ-ის ქალაქ ვაშინგტონში თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს, კანცლერს, ბატონ ალექსანდრე ბუაჩიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ არჩილ უნდილაშვილს უმასპინძლა. შეხვედრები თსსუ-ისა და ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის ზემოაღნიშნული ტრენინგების ორგანიზებასაც შეეხებოდა.