აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილი, წარმატებული სტუდენტებისთვის საღამო მოაწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილი, წარმატებული სტუდენტებისთვის საღამო მოაწყო

 

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ტრადიციული საღამო მოაწყო აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან წარმატებებით აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს ამ თარიღს და სხვა ღონისძიებებთან ერთად, მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ორგანიზებულ საზეიმო შეხვედრაში. ტრადიციულად, ღონისძიება მაგთი-კლუბში იმართება, ესწრებიან საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები და სტუდენტები. მუსიკოსები, რომელთა ნაწილი აფხაზეთიდან დევნილია, ღონისძიების მსვლელობისას  წარადგენენ ორიგინალურ მუსიკალურ ნომრებს.

საღამო გახსნა და აუდიტორიას მიესალმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა. მან აღნიშნა იმ ისტორიული ფაქტების შესახებ, რომელმაც განაპირობა 17 ნოემბრის სტუდენტთა საერთაშორისო დღედ ქცევა და სტუდენტებს თავისუფლების და დემოკრატიის ყველაზე დიდი ბერკეტი უწოდა. ბატონმა ელგუჯამ მიულოცა ყველა სტუდენტს  ეს თარიღი და მომავალი წარმატებები უსურვა მათ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ და სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის წევრებმა და მინისტრებმა.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გადასცა საჩუქრები.

განსაკუთრებული საჩუქრები მოამზადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმაც თავისი წარმატებული დევნილი სტუდენტებისთვის,  რომლებიც თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს: ლილი  კონტუაძეს,   ნუკრი ქარდავას, ბექა ბაშარულს;  ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტს, ანა შენგელიას; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს: აკაკი ფიფიას და  ვანო ბულისკერიას; საექთნო საბაკალავროს სტუდენტს: ლანა გუჩუას.

ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განსაკუთრებით ამაყობს თავისი სტუდენტებით, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული, მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. მადლობა მოახსენა აფხაზეთის მთავრობას გამოჩენილი ყურადღებისთვის და სტუდენტბს - შრომისთვის, რომელიც აისახა კიდეც მათ აკადემიურ მოსწრებაზე.

ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს საჩუქრები გადასცა ღონისძიების სპონსორმა თი ბი სი ბანკმა.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი  და სასიხარულოა ეს ყურადღება და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობასა და მოტივაციას გრძნობენ თავისი მომავალი პროფესიის, საქმიანობის სწორი წარმართვის თვალსაზრისით.