აფხაზეთის ომში დაღუპულ სტუდენტთა ხსოვნის საღამო

აფხაზეთის ომში დაღუპულ სტუდენტთა ხსოვნის საღამო

2015 წლის 17 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზეთის საომარი მოქმედებებისას  დაღუპული სტუდენტები გაიხსენეს

გიორგი მიროტაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე, ვასილ კილაძე, ილია მელაძე  და გიორგი მუმლაძე 1992–93 წლებში 22–24 წლის ბიჭები იყვნენ. სამედიცინო ინსტიტუტის მეორე, მესამე თუ მეოთხე კურსის სტუდენტებს იმდენად მაღალი მოქალაქეობრივი და პროფესიული თვითშეგრძნება ჰქონდათ, რომ როცა სამშობლოს დასჭირდა, უყოყმანოდ წავიდნენ  დაჭრილთათვის დახმარების აღმოსაჩენად და მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად.

„ისინი უფალმა აირჩია უკვდავებისთვის“, – თქვა აფხაზეთის ომის მონაწილემ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ხსოვნის საღამოზე გამოსვლისას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა,პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა ამ ბიჭების ღვაწლი: „ჩვენ თავი მოვიყარეთ, რომ კიდევ ერთხელ მოვიხაროთ ქედი ამ ბიჭების, მათი თანამებრძოლების წინაშე. მათი მემორიალი ჩვენთვის გმირების ხსოვნის, მათ წინაშე ჩვენი გადაუხდელი ვალის სიმბოლოა, ორიენტირია მომავალი თაობებისთვის, თუ როგორ უნდა იცხოვრონ“...

1992–1993 წლების ძმათა სისხლისმღვრელი ომი გაიხსენა გია ყარყარაშვილმა და აღნიშნა, რომ უდიდესი პატივისცემით იხსენებს თითოეულ მეომარს, მას ახსოვს ყველა ის სტუდენტი, რომლებზეც ამ საღამოზე ისაუბრეს და მხედრულ პატივს მიაგებს თითოეულის ხსოვნას.

ხსოვნის საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ  ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური უფროსი ირაკლი შიხიაშვილი, საღამოს ერთ–ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი, მწერალი და ექიმი ზურაბ ლეშკაშელი.

ყველა სტუმარს გადაეცა ზურაბ ლეშკაშელის წიგნი „აფხაზეთი – გმირები დაკარგული თაობიდან“