აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის შემდეგ ოცდაოთხი წელი გავიდა...

აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემის შემდეგ ოცდაოთხი წელი გავიდა...

   
   

2017 წლის 27 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღე აფხაზეთის ომში ბრძოლის ველზე დაცემულ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის,  ნიკოლოზ ღიბრაძის და  რევაზ მუმლაძის ხსოვნის მემორიალთან აღინიშნა.

90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 24  წელი გავიდა. წელს მემორიალთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაღუპული სტუდენტების ხსოვნას პატივი მიაგეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და თსსუ–ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ღონისზიებას ასევე ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტების მშობლები და თსსუ–ის კურსდამთავრებული, აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ ლეშკაშელი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ – „უკვე 24 წელი გვაშორებს იმ ტრაგიკულ დღეს, რომელმაც არა მარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაასვა დაღი, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის გულსაც მოუშუშებელი იარა დააჩნია. 24 წელია,  ვცდილობთ როგორმე ვიპოვოთ გზები, რათა გახლეჩილი საქართველოს ნაწილები ნებითა და სურვილით შეერთდეს და ჩვენმა ქვეყანამ თავისი ბუნებრივი მთლიანობა აღიდგინოს. 24 წელია, ქედს ვიხრით იმ ბიჭების სულების წინაშე, რომლებმაც წრფელი სიყვარულით მიიტანეს თავისი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე...

წელსაც, ტრადიციულად, 27 სექტემბერს,  ჩვენ ვხვდებით მემორიალთან, რომელიც აღმართულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში. 

სოხუმის დაცემის დღე, ჩვენთვის, აფხაზეთის ომში ბრძოლის ველზე დაცემული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების: გიორგი მიროტაძის, ილია მელაძის, ვასილ კილაძის,  ნიკოლოზ ღიბრაძის და  რევაზ მუმლაძის ხსოვნით იწყება.  ეს ბიჭები არა მარტო სამშობლოსთვის შეწირული რაინდები არიან, არამედ იმ სულიერ ფასეულობად იქცნენ, ვისკენ სწორებაც მუდამ უნდა გვქონდეს... მით უმეტეს, რომ ჩვენ ურთულესი პროფესიის ადამიანები ვართ. ექიმები და მომავალი ექიმები, ვინც ამ უნივერსიტეტის კედლებში ვერთიანდებით, ბოლომდე  ვიაზრებთ, რომ სწორედ ასეთი სულის ადამიანები, როგორიც ეს ბიჭები იყვნენ, ხდებიან ნამდვილი მკურნალები: თავგანწირვა და სიმამაცე ხომ ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია.

ეს ბიჭები საუკეთესო ექიმები დადგებოდნენ...  სამშობლოს დასჭირდა თუ არა, იქ გაჩნდნენ, სადაც ყველაზე დიდი განსაცდელი იყო. ისინი იცავდნენ სიცოცხლეს, ცდილობდნენ დახმარებოდნენ მოყვასს. ჩვენ დაგვრჩა მათი დიდი სახელები, იმისთვის, რომ ყოველწლიუარდ შევახსენოთ ერთმანეთს მათი ცხოვრება, როგორც მამულიშვილობის მაგალითი.

ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ დაღუპულ სტუდენტთა მშობლების და ოჯახის წევრების მიმართ. თქვენს ოჯახებში გაიზარდნენ ბიჭები, რომლებიც უკვდავებას ეზიარნენ!“

სიტყვით გამოვიდნენ ასევე: თსსუ–ს სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ გონგაძე, უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის  პრეზიდენტი გიორგი მიქაძე, თსსუ–ის კურსდამთავრებული, აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ ლეშკაშელი.