აკადემიკოს ვიტალი ყურაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი  ხსოვნის საღამო  სამედიცინო უნივერსიტეტში

აკადემიკოს ვიტალი ყურაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოში პირველი ვირუსოლოგიური ლაბორატორიის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვიტალი ყურაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.

საღამოზე მისულ მრავალრიცხოვან სამედიცინო საზოგადოებას, აკადემიკოს ვიტალი ყურაშვილის კოლეგებს, მოწაფეებსა და ახლობლებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

მან შეახსენა დამსწრე საზოგადოებას აკადემიკოს ვიტალი ყურაშვილის დიდი დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე, ისაუბრა ვიტალი  ყურაშვილის ხანგრძლივ და ნაყოფიერ ცხოვრებისეულ გზაზე  თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებიდან – თბილისში ვაქცინებისა და შრატების საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში,  საქართველოში პირველი ვირუსოლოგიური ლაბორატორიის გახსნამდე.

რექტორმა აღნიშნა, რომ „აკადემიკოსი ვიტალი ყურაშვილი იყო ვირუსოლოგიური კვლევის ფუძემდებელი საქართველოში. მისი მეცნიერული კვლევა მოიცავს ეპიდემიოლოგიის, ინფექციური პათოლოგიის კლინიკის, იმუნოლოგიის, მიკროორგანიზმთა გენეტიკისა და სხვა საკითხებს. დღესაც,  თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა  და ეპიდემიოლოგიის კათედრის ყოფილი გამგის, ვიტალი ყურაშვილის შრომები დეტალურად ციტირდება გრიპისა და ანტიგრიპოზულ იმუნიტეტზე გამოქვეყნებულ უცხოენოვან გამოცემებსა და სახელმღვანელოებში“.

ხსოვნის საღამოზე აკადემიკოსი ვიტალი ყურაშვილი დიდი სიყვარულით და სითბოთი  გაიხსნეს მისმა მოწაფეებმა და კოლეგებმა. 

საღამოს წამყვანმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტრის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი მჭედლიშვილმა დიდი სიყვარულით ისაუბრა უფროსი კოლეგის, აკადემიკოს  ვიტალი ყურაშვილის შესახებ. ბატონმა ირაკლიმ დაწვრილებით გაიხსენა ღვაწლმოსილი კოლეგის ბიოგრაფია და აღნიშნა, რომ „აკადემიკოსმა ვიტალი ყურაშვილმა 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იმავე წელს წავიდა ფრონტზე. 1948 წელს, საბჭოთა არმიის რიგებიდან დემობილიზაციის შემდეგ, ასპირანტურა გაიარა ლენინგრადის სამედიცინო ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იქვე, ვირუსოლოგიის განყოფილებაში. 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1966 წელს კი – სადოქტორო დისერტაცია. მისი  ხელმძღვანელი და გზამკვლევია  ა. სმოროდინცევი – საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,  ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში ვირუსოლოგიის განყოფილების თავკაცი, ლენინისა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ანტივირუსული იმუნიტეტის პრობლემის წამყვანი სპეციალისტი,  მრავალი ეფექტური პრეპარატის ავტორი.

1954 წელს ვიტალი ყურაშვილმა თბილისში ვაქცინებისა და შრატების საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში გახსნა პირველი ვირუსოლოგიური ლაბორატორია საქართველოში. იგი იყო ვირუსოლოგიური კვლევის ფუძემდებელი რესპუბლიკაში. მისი მეცნიერული კვლევა მოიცავს ეპიდემიოლოგიის, ინფექციური პათოლოგიის, კლინიკის, იმუნოლოგიის, მიკროორგანიზმთა გენეტიკისა და სხვა საკითხებს.

ღვთის წყალობა იყო, ალბათ, ბატონი ვიტალის დაქორწინებაც პროფესიით თერაპევტ, უჭკვიანეს და ულამაზეს ქალბატონ აგნესა გურგენიძეზე. ის საოცარ მეგობრობას უწევდა საყვარელ მუღლეს, რითაც ურთულეს შრომას უადვილებდა. მათი ოჯახური იდილია დღესაც აღაფრთოვანებთ და ყოფას უფაქიზებთ სახელოვან შთამომავალთ.  ბატონი ვიტალის სამივე ქალიშვილი – ქალბატონები: ნელი, ნათელა და ბელა უდიდეს ინტელექტთან ერთად, ოჯახისთვის ნიშნეული მადლით გამოურჩევია განგებას, მედიცინის დოქტორები საგვარეულო საქმეს მადლითვე ემსახურებიან, დიდი სიყვარულითა და სითბოთი ახალ თაობასაც აკვალიანებენ.“

აკადემიკოს ვიტალი ყურაშვილის შესახებ ისაუბრეს პროფესორებმა: კონსტანტინე აფრიდონიძემ, ელზა ვაშაკიძემ, ბორის კორსანტიამ, ინგა გიორგაძემ, რამაზ ყურაშვილმა, ირაკლი ფაღავამ, საქართველოს დამსახურებულმა ჟურნალისტმა, ქალბატონმა ნანული ჭავჭანიძემ.

ხსოვნის საღამოზე მრავალგზის აღინიშნა არა მხოლოდ  აკადემიკოს ვიტალი ყურაშვილის, არამედ   მისი ძმების - ფილიმონ, ბორის, ალექსი, მელენტი ყურაშვილების  დიდი ღვაწლისა და დამსახურების  შესახებ საკუთარი ქვეყნისა და ქართული მეცნიერების წინაშე.

ილიას სიტყვების უნათლესი დასტურია მათი ღვაწლი: `კაცი სამშობლოში საკუთარი ოჯახის სახე და დესპანია, უცხოეთში _ სამშობლოსიო“. ოჯახში, სამშობლოში, სამშობლოს გარეთაც _ ყველგან ღირსეულად წარმოჩინდება ყურაშვილების დიდებული საგვარეულოს ყველა თაობა, ჩინებული ადამიანები, რომელთაც ბიბლიური სიბრძნეც ახსოვთ _ „არა ძირი იგი შენ გიტვირთავს _ არამედ ძირსა მას... შენ“ და სიბრძნეც გიორგი მერჩულისა _ „ნაყოფისაგან საცნაურ არს სიკეთე ხისაი“...