აკაკი ზოიძის საჯარო ლექცია -  ,,საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის გამოწვევები და რეფორმების ხედვა

აკაკი ზოიძის საჯარო ლექცია - ,,საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის გამოწვევები და რეფორმების ხედვა

 

   
   

2017 წლის 11 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ბატონი აკაკი ზოიძის საჯარო ლექცია - "საქართველოს ჯანმრთელობის სისტემის გამოწვევები და რეფორმების ხედვა".

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ბატონი გიორგი აბესაძე, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. 

ლექციაზე ბატონმა აკაკიმ შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის არსებული მდგომარეობა, ისაუბრა მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და გადაჭრის მექანიზმებზე, განიხილა ჯანდაცვის სისტემის მოდელები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის მოწყობის საფუძველს წარმოადგენს. 

ბატონი აკაკის განცხადებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომლის აღმოსაფხვრელად სისტემის მესვეურნი აქტიურად მუშაობენ. მისივე თქმით, განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები და უფრო დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, მათ შორის დაფინანსების ხარჯ-ეფექტურობის მიღწევის, მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, კერძო დანახარჯების შემცირების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურების მიმართულებით.

ჯანდაცვის სიტემის საფუძველს, მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების კატასტროფული დანახარჯებისაგან დაცვა წარმოადგენს, ამ მიმართულებით უპრეცენდენტო ცვლილებები განხორციელდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევის შემდგომ დარგის ასეთი ფართომასშტაბიანი დაფინანსება არასდროს განხორციელებულა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის დანახარჯებში ჯერ კიდევ მაღალია კერძო გადახდების წილი. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპზე მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა, სისტემა მეტად ორიენტირებულია მოსახლეობის დაუცველ ნაწილზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. პროგრამაში მოხდა მედიკამენტების კომპონენტის ჩართვა, სამედიცინო მომსახურების პროვაიდერთა შერჩევითი კონტრაქტირების სისტემის დანერგვა - განაცხადა ბატონმა აკაკიმ. 

ღონისძიება გამოირჩეოდა დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესითა და ჩართულობით, განხილულ საკითხებზე დაისვა შეკითხვები.