ალერგიის მსოფლიო სკოლამ ტრენინგის ჩასატარებლად თბილისი შეარჩია. გადაწყვეტილება 1 მარტს, WAO-ს ტრეინინგ სკოლის კომიტეტის სხდომაზე ოფიციალურად მიიღეს. ტრენინგი, რომელსაც ამერიკელი პროფესორი დანა ვალასი უხელმძღვანელებს, 5-8 მაისს დაგეგმილი ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის მე-14 ეროვნული კონგრესის ფარგლებში ჩატარდება.
WAO-ს ტრეინინგ სკოლის კომიტეტის სხდომა ალერგიის მსოფლიო კონგრესი 2025-ის მიმდინარეობის დროს სან დიეგოში (აშშ) გაიმართა.
ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციისა (WAO) და ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკის აკადემიის (AAAAI) ერთობლივ ღონისძიებაში, რომელიც 28 თებერვალიდან 3 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი მონაწილეობდა. თსსუ-ის პროფესორი ჩართული იყო სამეცნიერო სხდომებისა და სიმპოზიუმების, ასევე ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტებისა და წარმომადგენლობითი პალატის მუშაობაში. ასევე თინათინ ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო WAO-ს აღმასრულებელი კომიტეტისა და დირექტორთა საბჭოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც 2025-2028 წლებისთვის ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმა დაამტკიცეს.
კონგრესის მუშაობაში ასევე აქტიურად იყო ჩართული თსსუ-ის კურსდამთავრებული, თორნიკე მამულაძეც, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი პოსტერული მოხსენება კონგრესის სექციაში საუკეთესოდ აღიარეს.
დამატებითი ინფორმაცია კონგრესისა და ალერგიის მსოფლიო სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ