აქცია ,,გაამწვანე უდაბნო,,

აქცია ,,გაამწვანე უდაბნო,,

   
   

მიმდინარე წლის 23 მარტს, აქცია "გაამწვანე უდაბნოს" ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ-ეროვნული საშენი მეურნეობის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ უდაბნოსთან. სამ რიგად დაირგო თუთის ხის ნერგები. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ: თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და სტუდენტები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ეროვნული საშენი მეურნეობის  თანამშრომლები. მონაწილეებს შეხვდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. მან მადლიერებით აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წვლილი ბუნებისდაცვით ღონისძიებებში. სტუდენტებს შესთავაზა კვლავაც არაერთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ცოდნის გაღრმავება მცენარეების გაშენებისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.

თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი უკვე კარგა ხანია, მეგობრობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. გამწვანება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეა და ამ საქმეში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება საიმედო მხარდამჭერი.

თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა,  გიორგი საღინაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელობა და ჯანმრთელი გარემო განუყოფელი ცნებებია და მომავალი მედიკოსებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება გარემოზე ზრუნვა.