2020 წლის 3 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით თსსუ-ის ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის მიმართულების, ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა მსხილაძე ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა .
ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე პროფესორ ლ. სკალცუნის ოფიციალური მიწვევით მივლინებული გახლდათ ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ფარმაკოგნოზიისა და ბუნებრივი პროდუქტების ქიმიის განყოფილებაში, სადაც მან ათენის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს გააცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორია; მისია, ხედვა, ღირებულებები; სასწავლო პროგრამები და სამეცნიერო მიმართულებები. ლაშა მსხილაძემ ბერძენ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიზნების, ამოცანების, სამეცნიერო საქმიანობის და სტრატეგიული განვითარების გეგმების შესახებ.
ათენის ეროვნული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სამეცნიერო ჯგუფებთან გამართული დისკუსიის შემდეგ, გამოითქვა სურვილი სასწავლო პროგრამების ერთობლივად განხორციელების, უნივერსიტეტებს შორის სტუდენტების გაცვლითი პროგრამების დაგეგმვისა და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიმართულებით.