თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის გამორჩეული მეგობარი და მხარდამჭერი, ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი რეფორმატორი და განსაკუთრებული გულშემატკივარი ავთანდილ ჯორბენაძე გაიხსენეს.
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, ავთანდილ ჯორბენაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო იყო განსაკუთრებით ემოციური, სითბოთი და პატივისცემით სავსე.
საღამო 23 დეკემბერს გაიმართა, დღეს, რომელიც ათეული წლის წინ ექიმების დღედ დაწესდა და დღეს, როდესაც ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების ერთ-ერთი პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო.
საღამო სავსე იყო მოგონებებით როგორც მეგობრის, ასევე ჯანდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილის მქონე ადამიანის შესახებ.
ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა - "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის გავიხსენოთ ძალიან საპატივსაცემო ადამიანები, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ძალიან რთულია ბატონ ავთანდილზე საუბარი. ყველა დროს თავისი სირთულეები აქვს, ყველა დროში სახელმწიფო მოღვაწეებს უწევთ გამოწვევებთან გამკლავება. ის პერიოდი, როდესაც ბატონი ავთანდილი მოღვაწეობდა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი თანამედროვე საქართველოს უახლეს ისტორიაში. იმ რთულ პერიოდში, ყველა გამოწვევას ბატონმა ავთანდილმა ღირსეულად გაართვა თავი და ძალიან დიდი კვალი დააჩინა თავისი მოღვაწეობით როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე ჩვენს ქალაქს და რა თქმა უნდა, ჩვენს უნივერსიტეტს. მიხარია, რომ ეს საღამო დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმართება, მის მშობლიურ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში, რომელმაც მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, ეს არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება გააკეთოს ჩვენმა უნივერსიტეტმა ბატონი ავთანდილისთვის".
საღამოზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ:
"ყველაზე მძიმე იყო ამ სფეროს გაძღოლა, ამ სფეროს მართვა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის სასარგებლო აღმოჩენილიყო. დრო, როდესაც არც მატერიალური და არც ფინანსური შესაძლებლობები არ იყო. აი, ამ პერიოდში სფეროს მართვა, მართვის ხელში აღება და იმ სასიკეთო საქმეების კეთება, რაც გაკეთდა, ეს არ შეიძლება დღევანდელმა თაობამ არ იცოდეს. მე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ნებისმიერი მოგონება, ნებისმიერი გახსენება ამ დიდი დამსახურებისა, რომელიც მიუძღვის ქვეყნის წინაშე ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს, არის მართლაც გამორჩეულად დასაფასებელი. ეს არის საქმე, რომელიც ცალსახად მხარდაჭერას და დიდ პატივისცემას საჭიროებს."
ავთანდილ ჯორბენაძე გაიხსენა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ:
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, თქვენთან ერთად. დღეს არის "ქართველ ექიმთა დღე", რომელიც ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ დაარსა და მოიტანა ჩვენამდე. შეუფასებელია ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ღვაწლის საქართველოს მედიცინაში. ის ჩემი უფროსი მეგობარი იყო. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ დღისთვის".
განსაკუთრებით ემოციური იყო ავთანდილ ჯორბენაძის თანაკურსელის და მეგობრის პროფესორ ამირან გამყრელიძის გამოსვლა:
„დღეს ავთანდილ ჯორბენაძის 75 წლისადმი მიძღვნილი საღამოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალაგაზრდებისთვის, რათა მათ იცოდნენ როგორ შენდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ჯანდაცვის მშენებლობის ისტორია დაიწერება, ის გვერდს ვერ აუვლის იმ ღვაწლს, რაც ამ დიდმა პიროვნებამ, ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ ამ მშენებლობაში შეიტანა და ეს ღვაწლი განსაკუთრებულია.
ავთო იყო განსაკუთრებული პიროვნება, ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და ეს პატრიოტიზმი სამშობლოს არა სიტყვით, არამედ საქმით ბევრჯერ დაუმტკიცა სხვადასხვა ფრონტზე. ეს იყო ფრონტი, სადაც ის იღწვოდა, ყველაზე რთულ პერიოდში, 90-იან და ორიათასიან წლებში.''
ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ ავთანდილ ჯორბენაძის კოლეგები და მეგობრები.
საღამო დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ავთანდილ ჯორბენაძის ბიოგრაფია:
1974 წ. - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) სამკურნალო ფაკულტეტი;
1974-75 წწ. - თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი;
1975-86 წლებში ავთანდილ ჯორბენაძის 9 წლიანი საექიმო პრაქტიკა;
1986-91 წწ. - თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე;
1991-92 წწ. - თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს უფროსი;
1992- 93 წწ. - საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე;
1993 წელს (III-X) - სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
1993-99 წწ.- საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი;
1999 -2001 წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
2001 - 2003 წწ. - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
2011 წელს იგი სათავეში ჩაუდგა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით და ბოლო დღემდე ამ პოზიციიდან ემსახურა საქართველოს საზოგადოების ჯანმრთელობას.