თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული - „ახალგზარდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
პირველი ღონისძიება - კონფერენცია სახელწოდებით - „ცხოვრების ჯანსაღი წესი“, გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ. მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ. კონფერენციის ფარგლებში ლექციებით წარსდგნენ:
• პროფესორი ხათუნა თოდაძე ლექციით თემაზე: „დოფამინის ერა - რატომ გახდა XXI საუკუნე დამოკიდებულებების ეპოქა!“;
• პროფესორი ლელა მასხულია ლექციით „დაბალი ფიზიკური აქტივობის გავლენა ჯანმრთელობაზე“
მოსწავლეების ერთი ნაწილი ესტუმრა თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულ სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს, სადაც მათ დიდი ინტერესით დაათვალიერეს სხვადასხვა ექსპონატები და თვალსაჩინოებები, ხოლო მეორე ნაწილმა მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრში გამართულ სასწავლო-პრაქტიკულ ტრენინგში - „სახალისო ლაბორატორია და ექსპერიმენტული კვლევები ლაბორატორიულ ვირთაგვებზე“. სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლუიზა გაბუნია მათ ესაუბრა ექსპერიმენტულ-ლაბორატორიული კვლევების მიზნებსა და მნიშვნელობაზე ბიოსამედიცინო მეცნიერებებში და კლინიკურ პრაქტიკაში.