ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში HERD-ის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში HERD-ის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

24-25 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ერასმუს+“-ის KA2-ის პროგრამის პროექტის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (HERD-ის) შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა; პროექტის კოორდინატორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნინო ოკრიბელაშვილმა და პროექტის პარტნიორი საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: 

თსსუ-ის ვიცე რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი; პროფესორი რიმა ბერიაშვილი; ერასმუს+ ოფისის კოორდინატორი ნინო კანდელაკი; ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვახტანგ ბეროშვილი; ასისტენტ-პროფესორი თეა ქოჩორაძე; ქსელის ადმინისტრატორი აკაკი კარსანიძე, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თეონა ტყეშელაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია კანკია.

კონფერენციის ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, სადაც უნივერსიტეტების სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზება და მართვის შესახებ მიმდინარე საკითხები განიხილეს. 

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ჯანიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თსსუ-ში კვლევის მენეჯმენტის ინსტიტუციურ ინსტრუმენტებზე და ხელშეწყობის მექანიზმებზე, ასევე თსსუ-ში მიმდინარე ინოვაციური კვლევების ტექნოლოგიური ტრანსფერის შესაძლებლობებზე. 

HERD-ის  პროექტის ფარგლებში შექმნილი პლატფორმის მდგრადობის სტრატეგიებზე საუბრისას ნონა ჯანიკაშვილმა ხაზი გაუსვა  პლატფორმის მნიშვნელობას ექიმების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების კვლევითი და შემოქმედებითი აქტივობების ხილვადობის გაზრდისთვის, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ინსტიტუციათაშორისი თანამშრომლობის განვითარებისთვის და კვლევითი ბაზების გაზიარებისთვის. აღინიშნა პლატფორმის თსსუ-ში სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობაც.

ცნობისთვის, პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units - HERD) საქართველოს 12 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 3 ევროპულ უნივერსიტეტს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაციას, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდას, სწავლებისა და კვლევის  კომპონენტების ინტეგრირებას ინსტიტუციურ დონეზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის - GRIS.emis.ge პორტალი, რომელიც საქართველოში არსებული სამეცნიერო გამოცდილებისა და პოტენციალის შესახებ დაინტერესებულ ყველა მხარეს ღია რეჟიმში შესაბამის მონაცემებს სთავაზობს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამეცნიერო საინფორმაციო სისტემის პორტალი ამჟამად 5000-ზე მეტი საქართველოში მოღვაწე აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და დოქტორანტების მონაცემებს აერთიანებს, მათ შორის 400-ზე მეტი თსსუ-ის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.