ბატონი ოლე მარტინ რორდამი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ქველმოქმედების მიზნით, სამედიცინო აპარატურას გადასცემს

ბატონი ოლე მარტინ რორდამი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ქველმოქმედების მიზნით, სამედიცინო აპარატურას გადასცემს

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ნორვეგიელი დერმატოლოგი და ბიზნესმენი ოლე მარტინ რორდამი (კომპანია  LRCSI s LRKpI) და „ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ დირექტორი სოსო ნიბლაძე. სტუმრებს შეხვდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირინა კაპეტივაძე, „ERASMUS +”-ის ოფისის კოორდიანტორი ნინო კანდელაკი, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  დერმატო-ვენეროლოგი, ასოცირებული პროფესორი მაია მათოშვილი.

ბატონი ოლე მარტინ რორდამი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცემს პულს-ტექნოლოგიის აპარატს „SOLARI Square Pulse Technology“, რომელიც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში დაიდგმება და ძალიან მნიშვნელოვანი დერმატოლოგიური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება პაციენტებს. როგორც ნორვეგიელმა სტუმარმა აღნიშნა, მას  ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან აქვს ურთიერთობა, მსგავსი აპარატი არა ერთ კლინიკაში ფუნქციონირებს და მისი მეშვეობით ჩატარებული მკურნალობა შედეგიანი და მოთხოვნადია.

აპარატი გამოიყენება როგორც ჩვილ ბავშვთა დერმატოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ, ისე პოსტოპერაციულად, კოსმეტიკური თვალსაზრისით.

შეხვედრის ფარგლებში დაისვა შეკითხვები კონკრეტული დერმატოლოგიური პრობლემების მოგვარების მანიპულაციების ხანგრძლივობასა და შედეგიანობაზე, რაზეც ბატონმა ოლე მარტინ რორდამმა ამომწურავი პასუხები გასცა, ამასთანავე, მან ინიციატივა გამოიჩინა, რომ აპარატის ეფექტური გამოყენების მიზნით, უახლოეს მომავალში ჩაატარებს ტრენინგებს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისა და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებისთვის.

თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ თსსუ-ის სახელით დიდი მადლობა მოახსენა სტუმარს ქველმოქმედებისთვის და მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.