ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

   
   

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, ბავშვებისთვის უფასო კონსულტაციები ჩატარდა შემდეგ მიმართულებებში: პედიატრია, ალერგოლოგია, გასტროენტეროლოგია, კარდიორევმატოლოგია, ოფთალმოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია და  ოტორინოლარინგოლოგია.

კლინიკაში დილიდან ხალხმრავლობა იყო.  აქ მოვიდნენ არა მარტო თბილისელი ბავშვები, არამედ რეგიონებიდანაც.

პატარებს მოემსახურნენ: ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიმართულების ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი  რამაზ კუტუბიძე; ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი  ნანა გელაძე; პედიატრიის N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი  მანანა ჟვანია;  პედიატრიის N2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფესორი  ყარამან ფაღავა; პედიატრის N3 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი  ნუგზარ უბერი; პედიატრიის N2 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინა კვეზერელი; ენდოკრინოლოგიის ასოცირებული–პროფესორი მარინა გორდელაძე; პედიატრიის N1 დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მანანა კობახიძე  და სხვა ექიმი-სპეციალისტები.

ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როცა საქველმოქმედო გასინჯვა-კონსულტაციების აქციაში ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი დავით სერგეენკო. მან გულწრფელად მიულოცა ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დაათვალიერა კლინიკა. დავით სერგეენკომ აღნიშნა:  „მისასალმებელი ინიციატივაა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ გამოაცხადა საქველმოქმედო აქცია და უფასოდ გაუწია კონსულტაცია ნებისმიერ მსურველს. აქ პაციენტებს დახვდნენ ქართული პედიატრიის წამყვანი პროფესორები. პირველ კონსულტაციას მათგან მიიღებენ, შემდეგ კი საყოველთაო დაზღვევა უზრუნველყოფს საჭირო გამოკვლევებს“.

„მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა კლინიკა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს. ამ დღეს, თსსუ-ის ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, მხოლოდ დილის საათებში 200-ზე მეტ პაციენტს მოემსახურნენ“, - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

აქციის ფარგლებში, უფასო სამედიცინო კონსულტაცია ჩაუტარდა როგორც თვითდინებით მოსულ პაციენტებს, ისე აქციაში ორგანიზებულად ჩართულ ჯგუფებს: საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს, ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებსა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებს, რომელთა მობილიზება განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.

კლინიკის გენერალური დირექტორის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ასისტენტ-პროფესორ ლია ძიძიგურის განმარტებით: „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა ტრადიციულად მართავს საქველმოქმედო აქციებს, ძირითადად, რეგიონებში. ამჯერად, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, უფასო გასინჯვები კლინიკაში ჩატარდა ყველა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციები ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და დროული მკურნალობის უზრუნველსაყოფად, რადგან ხშირად რთული პათოლოგიების გამოვლენა და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა ხდება შესაძლებელი“.

კმაყოფილი მშობლები აღნიშნავდნენ, რომ მათ შვილებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს რომ საზეიმო ელფერი ჰქონოდა, კლინიკის ადმინისტრაციამ ბავშვებისთვის  არაერთი სიურპრიზი მოამზადა. ფოიეში პატარებს საყვარელი მულტფილმის გმირები დახვდნენ და ართობდნენ. იქვე მსურველებს სხეულზე მხიარულ ნახატებს უკეთებდნენ. ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობდნენ. რაც ყველაზე მთავარია, საქველმოქმედო აქციამ ხელი შეუწყო პატარა პაციენტებს დროულ დიაგნოსტირებას და მათი ჯანმრთელობის დაცვისთვის ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვას.