მიმდინარე წლის 22 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: ბელორუსის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის, საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ანდრეი პლატონოვი, ბელორუსის „Клиники Беларуси“-ის პროექტის ხელმძღვანელი ოლგა ხარკოვა, ბელორუსის რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში დიმიტრი საცკევიჩი და საქართველოში ბელორუსის ელჩის მრჩეველი გენადი კლიგა.
სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ქეთევან ებრალიძე, რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თინათინ კილასონია.
ბელორუსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ ქვეყანაში პოსტდიპლომურ სამედიცინო განათლებას იღებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც გამოირჩევიან სამედიცინო მომზადების მაღალი დონით და პროფესიული უნარებით. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ სამედიცინო სფეროში, კერძოდ, დიპლომისშემდგომ განათლებაში ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. ისაუბრეს კონკრეტული სამედიცინო დარგების განვითარებაზე.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ აღნიშნა, ეს ინიციატივა საინტერესო და მნიშვნელოვანია და მზადყოფნა გამოხატა მომავალი ურთიერთთანამშრომლობისთვის.