ბულგარელ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

ბულგარელ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტსა (ბულგარეთი) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ზაფხულის სტაჟირებას ბულგარეთში 12 თსსუ–ის სტუდენტი გადის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კი ბულგარელ სტუდენტებს მასპინძლობს.

2014 წლის  14 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო კანთელაძე და უფროსი სპეციალისტი სალომე ბეზარაშვილი  შეხვდნენ ბულგარელ სტუდენტებს: ირენ ბოგევასა და პრესლავა პრისტევას. ისინი პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტის V და VI კურსის სტუდენტები არიან და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში პრაქტიკას გადიოდნენ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. როგორც სტუდენტებმა ვიცე–რექტორთან საუბრისას აღნიშნეს, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან გავლილი პრაქტიკით. მათ საშუალება მიეცათ, მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და აეთვისებინათ პრაქტიკული უნარ–ჩვევები კარდიოლოგიასა და ქირურგიაში. ეს მათთვის პირველი და განსაკუთრებული მნიშვნელობის პრაქტიკა გახლდათ კლინიკაში.

თსსუ–ის ვიცე–რექტორმა გიორგი აბესაძემ სერტიფიკატები გადასცა ბულგარელ სტუდენტებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი მეგობრობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან გაგრძელდება. მან წარმატებები უსურვა  მომავალ მედიკოსებს.