ცარუ დალაქიშვილის ვარსკვლავის გახსნა

ცარუ დალაქიშვილის ვარსკვლავის გახსნა

   
   

მიმდინარე წლის 21 მარტს, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფარმაციის  ხეივანში გაიხსნა ღვაწლმოსილი მეცნიერის, ქალბატონ ცარუ დალაქიშვილის  ვარსკვლავი.

ეზოში შეიკრიბნენ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლები, საპატიო სტუმრები, ცარუ დალაქიშვილის ოჯახის წევრები და პატივი მიაგეს ამაგდარი მეცნიერის ხსოვნას.

ღონისძიება გახსნა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა გორგასლიძემ, მან აღნიშნა, რომ ქალბატონი ცარუ წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა  ინსტიტუტის ლიპიდების ლაბორატორიას და მან მრავალი უნიკალური ქიმიური შედგენილობის და ფარმაკოლოგიური ეფექტურობის ლიპიდების შემცველი  მცენარე  გამოავლინა (მაგალითად: ძეძვი, აფხაზური ხარისძირა,  და სხვა); ის 80-მდე სტატიის, 2 მონოგრაფიის  და ათამდე  საავტორო მოწმობის ავტორია. ქალბატონ ცარუს გარდაცვალების შემდეგ,  2004 წელს, მიენიჭა სახელმწიფო პრემია (თანამშრომლებთან ერთად) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„მეამაყება, რომ ჩვენს ფარმაციის ხეივანს დაამშვენებს ცარუ დალაქიშვილის ვარსკვლავი და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, პატივი მიაგოს მის ხსოვნას“, - განაცხადა ქალბატონმა ნანა გორგასლიძემ.

ცარუ დალაქიშვილის მიერ ფარმაციის განვითარებაში შეტანილ ღვაწლზე ვრცლად ისაუბრა აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ: „მან შექმნა ახალი ეფექტური ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლმდენი პრეპარატი  ცარუბული, მოამზადა რენტგენოთერაპიის კომბინაციასთან ერთად კანის ავთვთისებიანი სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი ჰელიპოლი და ანტივირუსული საშუალება დიგიპუროლი. ცარუ დალაქიშვილის  დამსახურებაა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ბიოლოგიურად აქტიური ერთ-ერთი  ურთულესი კლასის ლიპიდების ქიმიის, ტექნოლოგიის და  ბიოლოგიის განვითარება, რითაც გაძლიერდა ინსტიტუტის მეცნიერული კვლევები და გაიზარდა ჩვენი ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე“.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ღვაწლმოსილი მეცნიერის ძმამ, ცნობილმა მეცნიერმა, გერონტოლოგმა, იოსებ დალაქიშვილმა. მან მადლობა მოახსენა ყველას ამ დიდი დაფასებისთვის. მან აღნიშნა, რომ ქართული მეცნიერების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დამოკიდებულებას მეცნიერთა მიმართ, რასაც თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები უზადოდ ასრულებენ.