დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის - University of West Attica, UNIWA (საბერძნეთი) ფიზიკური თერაპიის სკოლის ლექტორის ვიზიტი თსსუ-ში

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის - University of West Attica, UNIWA (საბერძნეთი) ფიზიკური თერაპიის სკოლის ლექტორის ვიზიტი თსსუ-ში

2022 წლის 3 ივნისს, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტს ეწვია დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის - University of West Attica, UNIWA (საბერძნეთი) ფიზიკური თერაპიის სკოლის ლექტორი, ფიზიკური თერაპევტი კატერინა კომპოთი. შეხვედრები გაიმართა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში. კატერინა კომპოთიმ დაათვალიერა კლინიკის პედიატრიული და ზრდასრულთა განყოფილებები, თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი, გაეცნო აკადემიურ პროცესს და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, კლინიკურ სწავლებას, სასწავლო პროცესში თანამედროვე სარეაბილიტაციო მიდგომებისა და ტექნოლოგიებს გამოყენებას. თავის მხრივ, მან წარმოადგინა ფიზიკური თერაპიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები და გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას  სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდები, პროგრამების თავისებურებები, რომლებიც გამოიყენება დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში. შეხვედრის დროს იქნა განხილული თსსუ-ის სარეაბილიტაციო მიმართულების დეპარტამენტების და UNIWA-ს ფიზიკური თერაპიის სკოლის სამეცნიერო მუშაობის საკითხი და გამოითქვა ერთობლივი კვლევის დაგეგმვის სურვილი.

კატერინა კომპოთიმ აღნიშნა სრულიად გამორჩეული სასწავლო და კლინიკური გარემო, რომელშიც მიმდინარეობს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კლინიკური დეპარტამენტების აკადემიური პროცესი. ასევე, მან განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა იმ თანამედროვე მიდგომების, დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც გამოიყენება ნეირორეაბილიტაციის, კერძოდ კი ნევროლოგიური დაავადებების მქონე სხვადასხვა ასაკის პაციენტთა მკურნალობასა და რეაბილიტაციაში. შეხვედრების შედეგად დაისახა თსსუ-სა და UNIWA-ს შორის ცოდნის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები.