დასრულდა ჩემპიონატი ფრონტალური და საღეჭი კბილების მხატვრულ რესტავრაციაში

დასრულდა ჩემპიონატი ფრონტალური და საღეჭი კბილების მხატვრულ რესტავრაციაში

მიმდინარე წლის  8 აპრილიდან 6 მაისამდე ოდონტოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის V კურსელ სტუდენტთა შორის ჩემპიონატი ფრონტალური და საღეჭი კბილების მხატვრულ რესტავრაციაში Enamel Plus HRI-ის გამოყენებით.

ჩემპიონატს წინ უძღვოდა რამდენიმე ფაქტი: 2014 წლის სექტემბერში თსსუ–ის ხელმძღვანელები შეხვდნენ იტალიური კომპანია Micerium S.p.A..-ს ოფიციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იანა დოსტალოვას, რომელიც იმ პერიოდში სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციის წასაკითხად იყო ჩამოსული. პირველად სწორედ მან მოგვაწოდა ინფორმაცია რესტავრაციაში სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატის (Jules Allemand Trophy) ჩატარების თაობაზე და გადმოგვცა პროფესორ კამილო დარკანჯელო სურვილი ამ ჩემპიონატში ქართველი სტუდენტის მონაწილეობის შესახებ.

2014 წლის დეკემბერში კიეტის (იტალია) უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კამილო დარკანგელომ წერილი მისწერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, იტალიაში, რესტავრაციული სტომატოლოგიის მსოფლიო ჩემპიონატში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის იმ V კურსელს მიეღო მონაწილეობა, რომელიც საუნივერსიტეტო ჩემპიონატში გაიმარჯვებდა. პროფესორი კამილო დარკანჯელო გამარჯვებულ სტუდენტს თავის ტრენერთან ერთად ეპატიჟებოდა იტალიაში.

დღეს უკვე გამოვლენილია საუნივერსიტეტო ჩემპიონი კბილთა მხატვრულ რესტავრაციაში, ის სტომატოლოგიის  ფაკულტეტის V კურსის V ჯგუფის სტუდენტი თათია ალადაშვილია.

ჩემპიონატის ორგანიზება, სტუდენტთა სელექცია, ჩემპიონატის ლოჯისტიკური პრობლემების გადაჭრა, სტუდენთა ტრენინგები და მასტერ-კლასები დავალებული ჰქონდა ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ნინო კორსანტიას.  

ნინო კორსანტიამ და თათია ალადაშვილმა ერთად გაიარეს ჩემპიონატის 4 შესარჩევი ტური (1/8, 1/4, 1/2 და ფინალი) ღირსეულ გამარჯვებას მიაღწიეს.

მსოფლიო ჩემპიონატი რესტავრაციულ სტომატოლოგიაში 2015 წლის 8 ივნისს ტარდება.