დაუვიწყარი სამი თვე

დაუვიწყარი სამი თვე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების მიზნით, მრავალ სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობს, რომელთა შორისაა ბერლინის შარიტეს კლინიკა ქალაქ კოტბუსში, სადაც მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის სტუდენტებს თამარ ნიკურაძესა და ნინო ბუაძეს მოუწია მუშაობა სამი თვის განმავლობაში. ხუთი კურსის თეორიული და კლინიკური ცოდნის მარაგით, ისინი აღმოჩნდნენ უცხოენოვანი პაციენტებისა და ხელმძღვანელობის წინაშე. საათობით ესწრებოდნენ ოპერაციებს, უშუალოდ მონაწილეობდნენ პრე და პოსტოპერაციულ მანიპულაციებში. ყოველი წუთი საინტერესო და, ამასთანავე, საპასუხისმგებლო იყო.
სამსახურიდან დაბრუნებულებს, კლინიკის კომფორტული საერთო საცხოვრებლის თბილი და ნათელი ოთახი ელოდათ. დაუვიწყარია მათთვის კოტბუსის ოპერის თეატრი, ევანგელისტური ტაძრის უძველესი ორღანი, მდინარე შპრეეს ულამაზესი ხეობა, Carl-Thiem-Klinikum-ის ძველი შენობის არქიტექტურა. დასვენების დღეებში უფრო შორი მარშრუტებიც ჰქონდათ: დრეზდენი, ბერლინი, ფრანქფურტი, ჩეხეთი, პოლონეთი.

     


„თითქმის ორი თვეა, რაც ჩამოვედით და უფრო და უფრო ტკბილად გვაგონდება კოტბუსური ცხოვრების სამი თვე - ცხოვრებისეული, პროფესიული და ენის პრაქტიკის დიდი გამოცდილება. რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, უცხო ენების დეპარტამენტს და უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურს, ჩვენს ქართველ და გერმანელ პედაგოგებს. ვიმედოვნებთ, რომ მათი ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო სასერტიფიკაციო სივრცეში წარმატებული ორიენტაციის შესაძლებლობა მოგვეცემა,“ – განაცხადა სტუდენტმა, თამარ ნიკურაძემ.