დიაბეტის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

დიაბეტის მსოფლიო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

   
   

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, დიაბეტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, განსაკუთრებული ღონისძიებები მოეწყო: დიაბეტიან ბავშვებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი  მარინა დარახველიძე, საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი, პროფსორი რამაზ ყურაშვილი, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინე გორდელაძე,  ასევე მოსკოვის ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ენდოკრინოლოგები: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტამარა კურაევა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ლუბოვ ზილბერმანი.

მიუხედავად იმისა, რომ გარემო სადღესასწაულო იყო და ბავშვების გასართობად ჯამბაზებიც იყვნენ მოწვეულები, შეხვედრამ საქმიანად ჩაიარა. მშობლებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები დაესვათ მოწვეული სტუმრებისთვის. პროფესორმა ტამარა კურაევამ აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დიაბეტის მართვის შესახებ, გააცნო მათ უახლესი ტენდენციები დიაბეტის მკურნალობაში და მათი რეალური შედეგები.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მკურნალობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტორს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა,  მარინა დარახველიძემ.  

შეხვედრის დასასრულს, ენდოკრინოლოგმა ეკატერინე ფაცაციამ გამოავლინა ყველაზე მოწესრიგებული პაციენტი, ვისაც სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი ყველაზე უკეთესი ჰქონდა. მას გადაეცა სპეციალური პრიზი და საჩუქრები.

საჩუქრები, მათ შორის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სამაგიდო წიგნი დიაბეტის მართვის შესახებ, ყველა დიაბეტიანმა ბავშვმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის თანამშრომლების: მ. გორდელაძის, ნ. ბიკაშვილის, ე. ფაცაციას, მ. ფხალაძის და ნ. ჯინიყაშვილის ავტორობით გამოიცა.

საჰაერო ბუშტებითა და სხვადასხვა სახალისო საჩუქრებით კმაყოფილი იყვნენ პაციენტებიც, რომლებიც უფასო გასინჯვის აქციის ფარგლებში მივიდნენ თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში. მათ კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიეს კლინიკის ექიმებმა.

როგორც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ძიძიგურმა აღნიშნა, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის მუშაობის ხარისხზე მეტყველებს ის ჩანაწერები, რომელსაც პაციენტები ტოვებენ სამახსოვრო წიგნში. ეს არის ძალიან თბილი, მადლიერებით სავსე სიტყვები, რაც ყველაზე დიდი საჩუქარია ექიმებისთვის. ქალბატონმა ლიამ აუდიტორიას აუხსნა, რომ მუდმივად ზრუნავენ იმისთვის, რომ მომსახურება უფრო და უფრო კომფორტული გახდეს. მაღალკვალიფიციური ექიმები კი მკურნალობის მაღალი დონის გარანტები არიან.

დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნას საზეიმო ელფერი დღის ბოლომდე გაჰყვა. ბავშვებმა ფოტოები გადაიღეს ჯამბაზებთან, ბევრი იცინეს მათ ხუმრობებსა და სკეჩებზე. პატარა პაციენტები საოცრად კმაყოფილები და ბედნიერები ტოვებდნენ კლინიკას.