დიდი ინტერესი და ახალი პარტნიორები - თსსუ ნიუ-დელიში გამართული საგანმანათლებლო გამოფენის შედეგებს აჯამებს

დიდი ინტერესი და ახალი პარტნიორები - თსსუ ნიუ-დელიში გამართული საგანმანათლებლო გამოფენის შედეგებს აჯამებს

‘’გამოფენა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დიდი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გამოფენაზე მოსული ადამიანები, რომლებიც მედიცინით იყვნენ დაინტერესებული, ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ჩვენი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ გამოხატავდენენ.’’ - ასე აჯამებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი ინდოეთის დედაქალაქში ნიუ-დელი გამართული საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენის APAIE 2025-ის შედეგებს. 

გამოფენის სტუმრებსა და მონაწილეებს, 3 დღის განმავლობაში (25-27 მარტის ჩათვლით პერიოდში) შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ თსსუ-ის და სხვა ქართული უნივერსიტეტების შეთავაზებებს, დაეთვალიერებინათ ინფრასტრუქტურა VR სათვალეების მეშვეობით და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სტუდენტური სერვისების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  

საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მიზნით, გამოფენის ფარგლებში, თსსუ-ის დელეგაციამ განათლების სფეროში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციასთან არა ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებამ, როგორც თსსუ-ის რექტორი განმარტავს, უნივერსიტეტისთვის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები გამოკვეთა: 

‘’თსსუ-ის მიმართ გამოვლენილმა ძალიან დიდმა ინტერესმა დამანახა, რომ ის რესურსი, რომელიც არსებობს ინდოეთში და კონკრეტულად ნიუ-დელიში, ჯერ კიდევ არ არის ამოწურული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა. ‘’ 

საერთაშორისო სტუდენტების თსსუ-ში მოზიდვის მიმართულებით გააქტიურებასთან ერთად, ირაკლი ნატროშვილი ყურადღებას საგანმანათლებლო გამოფენის კიდევ ერთ შედეგზე ამახვილებს: ეს არის საერთაშორისო კავშირების გაღრმავება და გაფართოება, რაც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან უფრო მეტი საერთაშორისო უნივერსიტეტის დამეგობრებას ნიშნავს. ეს კი პირდაპირპროპორციულია იმის, რომ თსსუ-ის უფრო მეტ სტუდენტს და აკადემიურ პერსონალს მიეცემა შესაძლებლობა გაცვლით პროგრამაში ჩაერთოს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი, რომ მაღალი იყო, ამას თსსუ-ის რექტორი კონკრეტული მაგალითებით ამყარებს. 

‘’ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოფენა. ბევრმა საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოთქვა ინტერესი და რამდენიმე უნივერსიტეტთან, რომელიც აქამდე არ იყო თსსუ-თან დამეგობრებული და არ იყო ჩვენი პარტნიორი, მათთან დაიწყო პარტნიორული ურთიერთობების გაფორმება და ჩამოყალიბება. რამდენიმეს დავასახელებ. მაგალითად: ფლორენციის უნივერსიტეტი, პარიზის უნივერსიტეტი და ა.შ. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება, გამრავალფეროვნება და ახალი უნივერსიტეტების დამეგობრება. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე არსებული სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის, უფრო მეტად გაფართოვდება  ERASMUS+ ის პროგრამით საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი უნივერსიტეტი გვყავს დამეგობრებული, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ERASMUS+ ის პროგრამით უფრო მეტ სტუდენტს გავუხსნათ გზა სტაჟირებისთვის და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის’’. - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

თსსუ-ის რექტორი დარწმუნებულია, რომ ნიუ-დელიში გამართულმა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და მთლიანად ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობა საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე უფრო მეტად გაზარდა. რექტორის შეფასებით, გამოფენამ ხელი შეუწყო ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და თსსუ-ის პოტენციალის პოზიტიურად წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ხელი შეუწყო იმანაც, რომ თსსუ-საც და მთლიანობაში ქვეყანასაც, გამოფენაზე წარმომადგენლობითი დელეგაცია ჰყავდა, ასევე კარგად იყო ორგანიზებული საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე და კითხვებზე პასუხებს პროფესიონალები სცემდნენ.

‘’ძალიან კარგად გვქონდა ორგანიზებული ჩვენი კუთხე. ძალიან კარგად  იყო დალაგებული თვალსაჩინოებები, რაც მოიზიდავდა ადამიანებს და მიიქცევდა მათ ყურადღებას. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენს სივრცეში მოსული დაინტერესებული ადამიანები ყველა შეკითხვაზე პროფესიულ და მაღალ აკადემიურ პასუხს იღებნენ’’. - აცხადებს თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.

თსსუ, საქართველოს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, ნიუ-დელიში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში APAIE 2025 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „Education In Georgia“-ის ფარგლებში მონაწილეობდა. საქართველოდან დელეგაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ხელმძღვანელობდა.

პროექტს „Education In Georgia“ სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების საერთაშორისო კავშირების განვითარება და სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მობილობის მხარდაჭერა.

რაც შეეხება საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა APAIE 2025-ს, ეს ღონისძიება აზიისა და წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაციის მიერაა ორგანიზებული. მისი მიზანია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საგანმანათლებლო სისტემებისა და ინსტიტუციების საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების ხელშეწყობა. წელს გამოფენაში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.