,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD - Doctor of Medicine Degree Program) 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD - Doctor of Medicine Degree Program) 2012 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თანამედროვე მედიცინის ხარისხის მაღალი სტანდარტები, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ბიოსამედიცინო საგნების ფუნდამენტური ცოდნის სამეცნიერო და კლინიკური უნარ-ჩვევებთან შერწყმას ერთიანი პროდუქტის სახით სამედიცინო პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით. დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება მედიცინის სწავლების ისეთი პროგრამები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევს, სწავლის დაწყებისთანავე, აქტიურად იყოს ჩართული კლინიკურ სფეროში და, ამავდროულად, განახორციელოს სამეცნიერო საქმიანობა. მედიცინის სწავლება სრულად ინტეგრირებულია და დაფუძნებულია ბაზისური საბუნებისმეტყველო და კლინიკური დისციპლინების ჰარმონიულ შერწყმაზე.

ორმხრივი ურთიერთანამშრომლობის შედეგად, 2012 წლიდან თსსუ–ში ამოქმედდება ,,დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD - Doctor of Medicine Degree Program), რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი პროექტის საფუძველზე.

2012 წლის სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2 საპილოტო ჯგუფი შეუდგება ამ პროგრამით სწავლას. სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორ–მასწავლებლები. სწავლის ხანგრძლივობა 6 წელია, ხოლო საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 8000 ლარს, უცხოელი მოქალაქეებისათვის კი – 10 000 ამერიკულ დოლარს.

ერთობლივი პროექტი და ინგლისურენოვანი სწავლება უზრუნველყოფს შესაძლებლობათა ფართო არჩევანს: სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) ორივე საფეხური, ასევე სამეცნიერო კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობის გარკვეული ეტაპები გაიარონ აშშ–ში. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო საბაზისო, პრეკლინიკური და კლინიკური დისციპლინების სრულ ინტეგრაციას. გარდა ამისა, პროგრამის პირველი 2 წელი ორიენტირებულია იმაზე, რომ სტუდენტმა მაქსიმალურად გაიფართოვოს ზოგადი განათლების ჰორიზონტი. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი და მას საშუალება ექნება დიპლომისშემდგომი განათლება და სპეციალური პროფესიული მზადება გაიაროს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, (მათ შორის აშშ–ში).

სამედიცინო კადრი მზადდება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის გლობალური სტანდარტებისა და ემორის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის მოთხოვნილებათა შესაბამისად.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფს ეწვია ემორის უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორი, 2000 წელს შინაგანი მედიცინის საუკეთესო პროფესორად აღიარებული, USAID–ის, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე, კენ უოლკერი.