დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის (ემორი) პირველკურსელების დასკვნითი  ღონისძიება – კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის (ემორი) პირველკურსელების დასკვნითი ღონისძიება – კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე

2014 წლის 15 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში  დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის (ემორი) პირველკურსელებმა წარმოადგინეს დასკვნითი  ღონისძიება – კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი. მათ არაერთი თბილი სიტყვა უთხრეს მომავალ კოლეგებს და იმ მნიშვნელოვან ასპექტებზეც გაამახვილეს ყურადღება, ურომლისოდაც წარმატებული ჯანდაცვის სისტემა ვერ აიგება...

საკონფერენციო თემებს თსსუ–ის რექტორთან და ვიცე–რექტორთან ერთად უსმენდნენ ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ– პროფესორი  არჩილ უნდილაშვილი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გიორგობიანი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ფინანსური დირექტორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ლევან მეტრეველი...

 

როგორც ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ –პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა გვითხრა, „ეს ღონისძიება  „გახდი ექიმის“  ფარგლებში ტარდებოდა.   „გახდი ექიმი“   ეს არის ახალი სასწავლო კურსი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაში. მისი მიზანია, პირველი დღიდან  მოამზადოს სტუდენტები, რომ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ექიმებად. ამ კურსის ნაწილად შეტანილი იყო ქვეკურსი – ჯანდაცვის სისტემები, რომელიც აცნობს სტუდენტებს ზოგადად რას წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემა.  ექიმობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ იცოდე, როგორ გააკეთო ოპერაცია. უნდა იცოდე, რა სამყაროში, რა გარემოში გიწევს მუშაობა.

 

ერთი წელი შესრულდა, რაც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით სწავლობენ ეს სტუდენტები და ამ ერთ წელიწადში შედეგი  ძალიან დიდია.მათ უფრო კარგად შეუძლიათ წარმოადგინონ თემა, საკუთარი თავი. დღეს აქ იყო გამახვილებული ყურადღება, რომ სტუდენტებს უნდა წარმოედგინათ ჯგუფური ნაშრომი, ეს უფრო რთულია, ვიდრე ინდივიდუალური ნაშრომის წარმოდგენა. თუ ჯგუფი არ დაჯდება და არ იმსჯელებს, ჯგუფის წევრები ერთ დასკვნამდე თუ არ მივლენ, არაფერი გამოუვათ... ეს უნარ–ჩვევები მნიშვნელოვანია ექიმებისთვის, რომლებსაც უწევთ ჯგუფში მუშაობა, კოლეგების აზრის გაზიარება და გარკვეულ დასკვნამდე მისვლა“.

საკონფერენციო თემის პრეზენტაცია წარმოადგინა სტუდენტების ხუთმა ჯგუფმა. პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტები შეაფასეს თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და  ლევან მეტრეველმა. მათ კმაყოფილება გამოთქვეს იმ მნიშვნელოვანი შრომის გამო, რაც თითოეულმა სტუდენტმა გასწია საკონფერენციო თემის მომზადებისთვის.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.