დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია თსსუ-ში

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია 26 ივნისს საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

წელს აღნიშნული პროგრამა წარმატებით დაასრულა 52-მა სტუდენტმა, რომლებმაც სამედიცინო განათლების მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს და პროფესიული საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაინაცვლეს.

საზეიმო ღონისძიება სტუდენტების ნამუშევრების გამოფენით – „მედიცინის მიღმა“ – გაიხსნა. ექსპოზიცია დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი სასწავლო კურსის ფარგლებში შეიქმნა და მედიცინისა და ხელოვნების ურთიერთკავშირს წარმოაჩენდა.

კურსდამთავრებულთა განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში შეიკრიბნენ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან მომავალ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობას, როგორც თანამედროვე მედიცინაში წარმატების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე, რომელმაც კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში ღირსეული გზის გავლა უსურვა.

ცერემონიის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ნაწილი ტრადიციული საზეიმო ფიცის დადება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამედიცინო პროფესიის ეთიკურ ღირებულებებს და მაღალი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

საზეიმო ღონისძიების კულმინაცია იყო, ტრადიციულად, ჰიპოკრატეს ფიცის საზეიმოდ დადება და ტორტის გაჭრა ფოიერვერკის თანხლებით. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას, მრავალ მიღწევასა და ღირსეულ საქმიანობას საზოგადოების სამსახურში.