დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის რიგით მეხუთე გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის დამთავრების აღნიშვნის ღონისძიებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კალენდარში - პროგრამა კურსდამთავრებულებთან ერთად, ყოველ წელს გრანდიოზული ცერემონიალით აღნიშნავს სწავლის დასრულებას, ამ დროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, საპატიო სტუმრებთან ერთად, გამოსაშვები კურსის სტუდენტებს მოსავს სახელობითი ყელსახვევებით, რომელიც წარმოადგენს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხის მინიჭების სიმბოლოს. ეს დღე ყოველთვის სავსეა ბედნიერებითა და სიამაყით და ერთნაირად ამაღელვებელია სტუდენტებისთვისაც და პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისთვისაც; 

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 2023 წლის გამოსაშვებ ღონისძიებას თსსუ-ის თეატრალურმა დარბაზმა უმასპინძლა. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება და პიროვნული და კარიერული განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა საგანგებო სიტყვით მიულოცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლებმა: საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, ასისტენტ-დეკანმა, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა პროფესორმა რაია ჩიორნიმ.

გამოსაშვებ ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა რაგავენდრა სამირა კაპუმ: „ჩვენი მოგზაურობა თსსუ-ში აქ მთავრდება მრავალი საოცარი მოგონებებით, რომლებიც მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც  ვისწავლე ჩემი კურსელებისგან - შესანიშნავი ადამიანებისგან, ბოლო 6 წლის განმავლობაში არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა. დიდი მადლობა პროგრამის ადმინისტრაციულ პერსონალს უზარმაზარი მხარდაჭერისთვის და, ასევე, თსსუ-ის აკადემიურ პერსონალს იმ ცოდნისთვის, რომელიც გადმოგვცეს, სწორედ ამ მიდგომის გამო ვართ ახლა აქ, მედიცინაში მოგზაურობის ამ ეტაპზე. ჩვენ ეს შევძელით!.."

ღონისძიების მიმდინარეობისას, ტრადიციულად, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წელს მადლობის ჯილდო გადაეცა პროფესორ გორდონ ჩერჩვორდს. კურსდამთავრებულთა გადაწყვეტილებით კი, სამაგალითო მასწავლებლის პრიზები გადაეცათ: ასოცირებულ პროფესორებს - ნანი ყავლაშვილს და ნონა ჯანიკაშვილს, მოწვეულ მასწავლებლებს -  ნინო ქანთარიას და სალომე ძიძიგურს. 

ცერემონიალის დასასრულს გამოსაშვები სემესტრის სტუდენტებმა ჰიპოკრატეს ფიცი დადეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ პროგრამის კურსდამთავრებულებს!