დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება - 2024

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება - 2024

2024 წლის 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

შეხვედრის დაწყებამდე თსსუ-ის თეატრალური დარბაზის ფოიეში გაიმართა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა -„მედიცინის მიღმა“, სადაც დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეოერ სემესტრის სტუდენტებმა წარმოადგინეს მათი ნამუშევრები, რომელიც მომზადდა სასწავლო კურსების „მხატვრული მინა - ფიუზინგი” და „მინანქარი - საიუველირო საქმე”ფარგლებში. აღნიშნული კურსი შემუშავებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წარმომადგენელთა ერთობლივი მუშაობით. 

გამოფენის შემდეგ, ღონისძიება გახსნა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, რომელმაც კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და სტუდენტებსა და მათი ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ვულოცავ თქვენს ოჯახებსა და მეგობრებს, გილოცავთ თქვენ სწავლის დასრულებას. ვულოცავ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთა სწორმა მიდგომებმა ხელი შეუწყო იმ ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებას, რომელიც თქვენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში მოიპოვეთ, წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ; თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა; ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა. 

გამოსაშვები ცერემონიის დასკვნით ნაწილში ,,წლის სანიმუშო მასწავლებლის“ ჯილდო გადაეცათ თამარ კასრაძეს და ანა ტრაპაიძეს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტს. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯილდო - საპატიო პროფესორის წოდება - წელს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კარდიოლოგიის პროფესორს, ექიმ ჯოელ ფელნერს გადაეცა. 

ტრადიციულად, ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულებმა  საზეიმოდ დადეს ჰიპოკრატეს ფიცი.

ცნობისთვის, 2023-2024 სასწავლო წელს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით სწავლა 9 ქვეყნის 43-მა  სტუდენტმა დაასრულა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს  წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!