დოკუმენტური ფილმის „საბედისწერო 13“ პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დოკუმენტური ფილმის „საბედისწერო 13“ პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 13 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში ჩატარდა  ტელეკომპანია „პულსი“-ს მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის „საბედისწერო 13“ პრეზენტაცია. ფილმი შეეხებოდა  1992–93 წლების აფხაზეთის ომს და მასში მონაწილე ქართველი ექიმებისა და იმჟამინდელი სამედიცინო საზოგადოების უდიდეს თავგანწირვასა და გმირობას.

დოკუმენტური ფილმის „საბედისწერო 13“ ჩვენება აფხაზეთის ომში გარდაცვლილი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელთა და დაღუპულ სტუდენტთა უდიდესი პატივისცემის ნიშნად, წუთიერი დუმილით დაიწყო. 
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ:  სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი,  პროფესორები, სტუდენტები, თავად დოკუმენტური ფილმის გმირები,  ომის დროს, სამედიცინო უნივერსიტეტის გარდაცვლილი სტუდენტების მშობლები და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი.

ფილმის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ თავის სიტყვაში აღნიშნა: „დოკუმენტურ ფილმს „საბედისწერო 13“ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია  ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისთვის.  ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანი და საჭირო ქართული საზოგადოებისთვის...  აფხაზეთის ომში დაღუპულთა შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები,  ახალგაზრდები, რომლებმაც გმირობის საოცარი მაგალითები დაუტოვეს შთამომავლობას და  სტუდენტებად დარჩნენ მარად... კიდევ ერთხელ მინდა ჩამოვთვალო მათი სახელები: გიორგი მიროტაძე, ილია მელაძე, ვასილ კილაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე, რევაზ მუმლაძე... მათი სახელების უკვდავსაყოფად  სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში აღმართულია ობელისკი... ძალიან დიდი საქმე გააკეთა ტელეკომპანია „პულსმა“, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთლიან შემოქმედებით ჯგუფს....  დოკუმეტურ ფილმში კარგად იკვეთება, თუ რა როლი აქვს სამედიცინო პერსონალს და რამდენი რამის გაკეთება შეუძლია, შეუიარაღებულ ექიმს ბრძოლის წინა ხაზზე... მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტურ ფილმს ქართული საზოგადოება მიიღებს ისე, როგორც მისაღებია...“

„სად შეიძლებოდა გამართულიყო ამ დოკუმენტური ფილმის პრემიერა თუ არა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მინდა ქედი მოვუხარო თითოეულ ექიმს და სრულიად ქართულ  სამედიცინო საზოგადოებას, რომლებმაც ჯარისკაცებივით და უფრო მეტიც, უიარაღოდ „იბრძოლეს“  1992–93 წლების აფხაზეთის 13 თვიან ომში... ფილმში შევეცადე ბოლომდე გადმომეცა მედიკოსების  გმირობა, ფრონტის წინა ხაზზე უიარაღოდ მებრძოლი ექიმების დღემდე უცნობი, გაუხმაურებელი ისტორიები და კიდევ ერთხელ უდიდესი პატივისცემით უკვდავმეყო იმ ქართველი ექიმების სახელები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად აფხაზეთში თეთრი ხალათით წავიდნენ   და უკან აღარ დაბრუნებულან... მიუხედავად იმისა, რომ ფილმის თითოეული მონაწილე თავის ნაამბობში მრავლად ასახელებდა  ომის მონაწილეთა გვარებს, ფილმში თითქმის არცერთი ეს ჩამონათვალი არ მოხვდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არავინ გამოგვრჩენოდა... „საბედისწერო 13“- ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ავბედითი, საბედისწერო 13 თვისა და 13 დღის ტკივილიან ისტორიას, სამედიცინო ჭრილში დაგანახებთ  და რომლის  ჩვენებაც სიმბოლურად დღეს, 13 რიცხვში გადავწყვიტეთ... კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დახმარებისა და თანადგომისთვის“ – აღნიშნა პირველი სამედიცინო ტელევიზიის ხელმძღვანელმა, თიკო დაბრუნდაშვილმა. 

დოკუმენტური ფილმის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი აზრი და ემოცია გაუზიარეს: გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჯორბენაძემ, აფხაზეთის ბატალიების ერთ-ერთმა გამორჩეულმა გმირმა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა (1992-2007 წწ.) გია ნიშნიანიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, თსსუ–ის კურსდამთავრებულმა, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მწერალმა ზურაბ ლეშკაშელმა, თსსუ–ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ ხეცურიანმა, კლინიკა „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ ექიმმა,  პროფესორმა ლადო კახაძემ, აფხაზეთის ომში დაღუპული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტების მშობლებმა. 

დოკუმენტური ფილმის „საბედისწერო 13“  სატელევიზიო  პრემიერას ტელეკომპანია „პულსი“ დეკემბრის ბოლოსთვის გეგმავს.  

IPN-ი ღონისძიების შესახებ.