დურმიშხან ტურაბელიძეს 82 წელი შეუსრულდა

დურმიშხან ტურაბელიძეს 82 წელი შეუსრულდა

გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე  ფარმაციის  დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი დურმიშხან ტურაბელიძე  82 წლისაა. იგი დაიბადა  1933  წლის  5 თებერვალს  ქალაქ  ქუთაისში.   რვა კლასის  წარჩინებით დამთავრების  შემდეგ სწავლა  განაგრძო თბილისში, ფარმაცევტულ ტექნიკუმში, ხოლო შემდგომ – პიატიგორსკის  ფარმაცევტულ ინსტიტუტში. აქტიურად იყო ჩაბმული ინსტიტუტის სპორტულ ცხოვრებაში.

შრომითი  საქმიანობა დაიწყო  ქლუხორში  აფთიაქის  გამგის მოადგილედ, შემდეგ მუშაობა გააგრძელა საქართველოს მთავარ სააფთიაქო სამმართველოში. 1962 წლიდან  დღემდე ბატონი  დურმიშხანი  მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ი.ქუთათელაძის  სახელობის  ფარმაკოქიმიის  ინსტიტუტში.  ადრეულ  წლებში ხელმძღვანელობდა ლაქტონური შენაერთების ლაბორატორიას, ხოლო 2006 წლიდან – ლიპიდებისა და ანტრაქინონების ლაბორატორიას. იგი არის  ბუნებრივ  ნაერთთა კვლევის მაღალკვალიფიციური  სპეციალისტი, აქვს ღრმა თეორიული ცოდნა და ექსპერიმენტატორის ბრწყინვალე  თვისებები. მისი კვლევის შედეგები  ასახულია  80  პუბლიკაციაში, რომელიც  გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საერთაშორისო  გამოცემებში.  მიღებული  აქვს  სახემწიფო  პრემია. მის მიერ  შემუშავებულია ფსორიაზის სამკურნალო საშუალება  ფსორანტრონი  და ფსორანტრონ  C, რომელიც დანერგილია სამედიცინო პრაქტიკაში. მრავალი წლების განმავლობაში იყო სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი  საბჭოს  სწავლული მდივანი, პარალელურად მუშაობდა საქართველოს ხალხური მედიცინის ასოციაციის სამეცნიერო განყოფილების გამგედ. მისი თანადგომით  და ხელმძღვანელობით  აღიზარდა არაერთი ახალგაზრდა  სპეციალისტი.

ბატონი  დურმიშხანი არის სანიმუშო  მეუღლე, მამა და ბაბუა. გამოირჩევა გულთბილი, მეგობრული და კოლეგიალური დამოკიდებულებით, სარგებლოს პატივისცემითა და სიყვარულით თანამშრომელთა შორის. ღვაწლმოსილ მეცნიერს ვუსურვებთ ნაყოფიერ და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კოლექტივები.