ექოკარდიოგრაფიის ლექციების 3 დღიანი კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ექოკარდიოგრაფიის ლექციების 3 დღიანი კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 2 – 4 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის  წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, ქ. ტუბინგენის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილების წარმატებულმა ექიმმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა რეზო ჯორბენაძემ ჩაატარა  ლექციების კურსი ექოკარდიოგრაფიაში. 

ამით, რეზო ჯორბენაძემ დიდი საჩუქარი გაუკეთა თსსუ-ის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, რეზიდენტებს, დოქტორანტებს, სტუდენტებსა და ამ თემით დაინტერესებულ მთელ სამედიცინო საზოგადოებას. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა  საკუთარი დიდი ცოდნა და თოთხმეტწლიანი გამოცდილება და პირველად საქართველოში ჩაატარა ლექციების კურსი თემაზე: „ექოკარდიოგრაფიის საფუძვლები და სიახლეები, კლასიკური და კაზუისტიკური კარდიოლოგიური ნოზოლოგიები ექოკარდიოგრაფიაში“. 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა რეზო ჯორბენაძემ  სამი დღის (09:00–18:00 სთ) განმავლობაში არ დაიშურა საკუთარი თავი, ჯანმრთელობა და წარმოადგინა მართლაც უაღრესად საინტერესო უახლესი მონაცემები კარდიოლოგიის თითქმის ყველა კლინიკური შემთხვევის ექოკარდიოგრაფიული კვლევები,  უმეტესად  საკუთარი მასალა-ანიმაციებით. ყოველი შემთხვევის განხილვისას იგრძნობოდა მასალის ღრმა ანალიზი, ლექტორის ფართო ცოდნა და დიდი ერუდიცია.

ლექციების მიმდინარეობისას დარბაზში იგრძნობოდა   დიდი ინტერესი და ინტერაქტიული ატმოსფერო, კონფერენციის ყველა მონაწილე ერთხმად აღნიშნავდა,  რომ მსგავსი კურსი მათ არ მოუსმენიათ.

„ბოლო ათი წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვესწრები მსგავს კურსებს. ასეთი ფორმატითა და შინაარსით არსად არაფერი ყოფილა. თანაც სახლში და მშობლიურ ენაზე. ნიჭიერი, წიგნიერი და ძალიან ქარიზმატული რეზიკო ჯორბენაძემ (როგორც მას მისი მენტორი ქალბატონი ელენე ეძახის, აქვე დიდი პატივისცემა და მადლობა მას), სწორად დალაგებული, კარგად ნაფიქრი, უამრავი საინტერესო შემთხვევით დატვირთული, საუცხოო, გამართული ქართული ენით,  დატვირთული ბრწყინვალე ლექციები ჩაატარა.
აი, ეს არის პატრიოტიზმი, მაღალი პროფესიონალიზმი და სურვილი რომ ეს ყველაფერი გადასცე სხვას, შენ ქვეყანას, ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს, ყველას, უანგაროდ, დიდი მონდომებით , დიდი სიყვარულით. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი. და მისი შემდგომი კურსები ძალიან მასშტაბური იქნება!- საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზაირა – "ექოთი შეპყრობილმა" ანესთეზიოლოგმა ლია ჯანელიძემ.  

რეზო ჯორბენაძემ  სამდღიანი სალექციო კურსი ყოველგვარი  ანაზღაურების გარეშე ჩაატარა, რაც მისი მხრიდან  არის  მშობლიური სამედიცინო უნივერსიტეტის – ალმა–მატერის დიდი სიყვარულისა და ზოგადად,  მაღალი დონის მოქალაქეობის გამომხატველი.

მიუხედავად ასეთი დატვირთული განრიგისა,  აუდიტორია სამი დღის განმავლობაში სავსე იყო კონფერენციის აქტიური მონაწილეებით  და ლექციებს ინტერაქტიური ხასიათი ჰქონდა.  უნდა აღინიშნოს, რომ  აუდიტორია წარმოდგენილი იყო პროფესიონალებით, რამაც განაპირობა  ლექციების კურსის  ასეთ მაღალ დონეზე წარმართვა.

დამსწრე სამედიცინო საზოგადოების  დიდი თხოვნის გამო რეზო ჯორბენაძე  აპირებს ამ ლექციათა კურსის ვიდეოთეკურ გამოცემას. სასურველია, რომ აღნიშნული კურსი შეტანილ იქნას უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში.