ევროპელი მეცნიერების – პროფესორ ფრანცისკო მაციასისა და პროფესორ ჰერმან სტუპნერის ლექციები თსსუ–ში

ევროპელი მეცნიერების – პროფესორ ფრანცისკო მაციასისა და პროფესორ ჰერმან სტუპნერის ლექციები თსსუ–ში

2014 წლის 2 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორი ევროპელი მეცნიერის ლექცია ჩატარდა.

ესპანეთიდან ჩამოსულმა მეცნიერმა, პროფესორმა ფრანცისკო მაციასმა წაიკითხა ლექცია „ალელოპათიის როლი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ძიებაში”. პროფესორი მაციასი ორგანული ქიმიის დეპარტამენტში ალელოპათიის ჯგუფის ხელმძღვანელი და ცადიზის უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის  ბიომოლეკულების ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ. მან აუდიტორიას წარუდგინა იმ კვლევების შედეგები, რომელსაც უკვე დიდი ხანია აწარმოებს ლაბორატორიაში.

როგორც პროფესორმა ფრანცისკო მაციასმა განაცხადა, ჯერ კიდევ დოქტორანტურაში სწავლისას მუშაობდა თემაზე, რომელიც ბუნებრივი ნივთიერებების ძიებას უკავშირდებოდა. ეს იყო ტრადიციული მიდგომა ბუნებრივი ნივთიერებების შესწავლისადმი. მას სულ აინტერესებდა, რატომ აწარმოებს მცენარე ამდენ ნივთიერებას, რატომ ხდება მათი სინთეზი. სამყაროში ყველაზე მთავარი ქიმიური კომუნიკაციაა. მცენარეები რაკი მოკლებულნი არიან მობილობის, ანუ გადაადგილების უნარს, თავდაცვის მიზნით გამოიმუშავებენ სპეციალურ ნივთიერებებს. ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი მიკროფლორა გააჩნია, რომელიც ტრანსფორმირდება. ტრანსფორმაციის შედეგები შეიძლება უნიკალური მიგნებების წყაროდ იქცეს.

ავსტრიელი მეცნიერის, ინსბრუკის უნივერსიტეტის ფარმაციის/ფარმაკოგნოზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ჰერმან სტუპნერის ლექციის თემა გახლდათ  “სამკურნალო მცენარეთა გამოყენების ტრადიცია და მეცნიერული საფუძვლები”. ის ემსახურებოდა მცენარეთაგან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას, ტრადიციასა და ნოვაციას ამ სფეროში. ოპტიმალურად კარგი შედეგის მიღება მხოლოდ ამ გზით, ტრადიციულისა და ნოვატორულის ერთმანეთთან კავშირითა და გაანალიზებით არის შესაძლებელი.

ლექციებს ესწრებოდნენ: თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დალი ბერაშვილი, სხვა პედაგოგები, სტუდენტები და კურსდამთავრებულებიც. პროფესორ ფრანცისკო მაციასის და პროფესორ ჰერმან სტუპნერის კვლევებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. როგორც პროფესორმა მაციასმა და პროფესორმა სტუპნერმა ბრძანეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო მოესმინათ თსსუ–ის სტუდენტებისთვის, გარკვეულიყვნენ მათ ხედვასა და სამომავლო გეგმებში.

სტუდენტებმა და პროფესორებმა აღნიშნეს, რომ ევროპელ მეცნიერებთან მომავალი საქმიანი ურთიერთობა ძალიან წაადგება ყველას და თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტზე კიდევ უფრო მაღალი სწავლების დონის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.