„ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) და „ნაციონალურ კოორდინატორთა და ენთუზიასტთა“ (NCM 2013) ყოველწლიური სამიტი

„ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ (EMSA) და „ნაციონალურ კოორდინატორთა და ენთუზიასტთა“ (NCM 2013) ყოველწლიური სამიტი

2013 წლის 9 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული "ევროპული დღეების"  პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა "ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის" (EMSA) და ნაციონალურ კოორდინატორთა და ენთუზიასტთა (NCM) ყოველწლიური სამიტი, რომელშიც მონაწილეობდა 30-მდე ევროპული ქვეყნის 100–მდე სტუდენტი და ახალგაზრდა მედიკოსი.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელი უნივერსიტეტები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო სამიტის პარტნიორი – საქართველოს სპოტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და  "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი".

სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, "ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის"  პრეზიდენტი ბორის მანევი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ასანიძე,  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ყარაულაშვილი და EMSA–ს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ანა ჩეკურიშვილი.

           
     

სამიტის განმავლობაში, თსსუ–ის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მედიკოსებისათვის ლექციები წაიკითხეს:  „ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი“-ს ექსპერტმა დომენიკ მონემ –  „არაინფექციურ დაავადებათა გავრცელება ევროპაში“  და თსსუ–ის კლინიკური ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ კაკაბაძემ – „მომავლის მედიცინა, ღეროვანი უჯრედები და ქსოვილთა ბიოინჟინერია“.

სამიტზე განხილულ იქნა  ევროპელი მედიკოსი სტუდენტებისათვის მომდევნო ხუთი წლის სამოქმედო გეგმა.

დასასრულს, სამიტის მონაწილეებისთვის ჩატარდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. 

 

EMSA–ს პრეზიდენტის ბორისლავ მანევის და ევროპული ბორდის წარმომადგენლების განცხადებით: „აღნიშნული სამიტი ყველაზე წარმატებული და გამორჩეული იყო EMSA–ს არსებობის 23 წლიან ისტორიაში“.

თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგა სორდია, საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მადლობას უხდის თსსუ–ის და თსუ–ის ადმინისტრაციას, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს" და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას გაწეული დახმარებისთვის.