ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

მიმდინარე წლის 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა. თსსუ–ის ლოგოს ფერების – თეთრი და ცისფერი საჰაერო ბურთები საზეიმო იერს აძლევდნენ უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოს. ახალგაზრდებს გზას ულოცავდნენ პროფესორ–მასწავლებლები, კოლეგები.  „ეს უბედნიერესი დღეა, მაგრამ სევდიანი, იმიტომ, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან მივდივართ“ – აღნიშნავდნენ კურსდამთავრებულები.

სასწავლო კორპუსების ეზოში შეკრებილ სტუდენტებს სწავლის წარმატებით დამთავრება მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: „არ არსებობს „ყოფილი ჩემი უნივერსიტეტი“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თქვენი უნივერსიტეტია და ბოლომდე თქვენად დარჩება. ზოგი თქვენგანი მალე მობრუნდება ჩვენთან სწავლის გასაგრძელებლად მოგვევლინებით, ზოგი – უცხოეთში წავა სასწავლებლად, ზოგიც პრაქტიკულ მუშაობას დაიწყებს... ზოგიც  პროფესორ–მასწავლებლებადაც. ჩვენ მუდამ თვალს ვადევნებთ თქვენს წარმატებებს და გავიზიარებთ თქვენი მიღწევებით გამოწვეულ სიხარულს. ფარმაციის ბაკალავრის პროგრამა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია. ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას თქვენს სასწავლო კორპუსში. ვიცი, ყოველთვის გაგახარებთ თქვენი უნივერსიტეტის წინსვლა. მესმის, განშორება ძნელია. თქვენ დამოუკიდებელი ხდებით, გადიხართ ფართო ასპარეზზე, სადაც დიდი კონკურენცია გხვდებათ. გისურვებთ წარმატებას, თქვენ მიღებული გაქვთ ისეთი ცოდნა, რომელიც ამ წარმატების წინაპირობა და საფუძველია“...

"ეს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან კურსდამთავრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება: „ფარმაციის ფაკულტეტი აცილებს კიდევ ერთ გამოშვებას. ვამაყობთ თქვენით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ წარმატებული პროფესიონალები გამხდარიყავით. თქვენ მზად ხართ კონკურენცია გაუწიოთ მაღალკვალიფიციურ კადრებს. გახსოვდეთ, უნივერსიტეტში ჩვენი – პროფესორ–მასწავლებლების სახით რჩებიან თქვენი მეგობრები, რომლებსაც შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მიმართოთ რჩევისთვის“ – მისალოც სიტყვაში აღნიშნა ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამრიკო ჩიკვილაძემ.

ახალბედა ფარმაცევტებს უნივერსიტეტის დამთარება მიულოცა ფარმაცევტული კომპანია „PSP“–ს ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ფრუიძემ. მან აღნიშნა, რომ თავადაც თსსუ–ის კურსდამთავრებულია და მის CV-ში ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი. კომპანია „PSP“–მ  სიურპრიზი მოუმზადა კურსდამთავრებულებს: სწავლების და სტაჟირების შემდეგ ტესტირების შედეგების, აფთიაქში აქტივობისა და გაყიდვების მაჩვენებლების გათვალისწინებით 3 წარმატებულ სტუდენტს: სულაბერიძე ჩიტოს, ონიან ანას და ოქროპირიძე ანას სპეციალური საჩუქრები გადასცა.

ყოფილ  სტუდენტებს  მიმართეს: ფარმაციის ფაკულტეტის პროფესორებმა ნელი ანთელავამ და თამაზ ჭუმბურიძემ.

კურსდამთავრებულებმა დადეს ფარმაცევტების ფიცი.

უკვე მანტიებით შემოსილებმა „ქუდები ცაში აისროლეს“. ეს სიმბოლური რიტუალი წლებია განსაკუთრებული აღმაფრენის გამოხატულებად იქცა...

გაიჭრა საზეიმო ტორტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ კურსდამთავრებულს.