ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტი სტაჟირებაზე თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტი სტაჟირებაზე თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში

2024 წლის 11 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლაი ფონ სტაკელბერგი იმყოფება. ის კლინიკურ სტაჟირებას თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში გადის. 

როგორც სტუდენტი აღნიშნავს, სტაჟირებით ძალიან კმაყოფილია.

„უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ, რადგანაც ვიმყოფები საქართველოში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში გავდივარ კლინიკურ სტაჟირებას. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის სამედიცინო აქტივობაში.  

აღსანიშნავია, რომ ვესწრები ოპერაციებს და ხშირ შემთხვევაში, ასისტირებას ვუწევ ქირურგებს. საინტერესო პროცესია, როდესაც რეზიდენტებთან და ექიმებთან ერთად განვიხილავ ქირურგიულ მანიპულაციებს. ძირითადად, აქ ვსწავლობ ზოგადი ქირურგიის საფუძვლებს, ლაპარასკოპიულ ქირურგიას და აშ. 

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პრაქტიკული გამოცდილებით, რასაც საქართველოში ვიღებ. სტუდენტებს ვურჩევ, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სამედიცინო საქმიანობას და მიიღონ სხვა ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილება“, - ამბობს სტუდენტი ნიკოლაი ფონ სტაკელბერგი. 


აღსანიშნავია, რომ სტუდენტის საქართველოში სტაჟირებას კოორდინირებას უწევენ თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი ახმეტელი.

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტში, გერმანელი სტუდენტი თსსუ-სა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის  (გერმანია) უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გაცვლითი პროგრამით იმყოფება.