„გაიღე სისხლი — გადაარჩინე სიცოცხლე“ — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
ინიციატივის მიზანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ჩართულობის ზრდა და დონორობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია. თსსუ კვლავ ერთგულია იმ მისიისა, რომელიც ემსახურება ჰუმანურ ღირებულებებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარდაჭერას და ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის გაღრმავებას.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ტრადიციულად, სისხლი გაიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ.
ღონისძიების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ა(ა)იპ სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა, რომელმაც უზრუნველყო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარება, შესაბამისი სტანდარტების დაცვა და დონორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერასა და ორგანიზებას.