გამოჩენილი ქართველი პედიატრის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის 100 წლის იუბილე

გამოჩენილი ქართველი პედიატრის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის 100 წლის იუბილე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ემოციური საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიება, ცნობილი ქართველი ექიმის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საღამოს ესწრებოდნენ  მისი კოლეგები, მოსწავლეები, მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის განსაკუთრებული ღვაწლი ქართული პედიატრიისა და ჰემატოლოგიის განვითარებაში. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ დოკუმენტური ფილმი, რომელიც პროფესორის ცხოვრების და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავდა.

ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კუმსდავთავრებული იყო. კლინიკური ორდინატურა — მოსკოვის საერთაშორისო სამედიცინო აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტში გაიარა. პედიატრიული და ჰემატოლოგიური სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენელმა კარიერის სხვადასხვა ეტაპზე არაერთ წამყვან პოზიციაზე იმუშავა, მათ შორის იყო სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პედიატრი და მოგვიანებით — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი.

მისი ავტორობით გამოცემულია არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის  აღსანიშნავია „ანემია ბავშვთა ასაკში“ და „რკინა დეფიციტური ანემია ბავშვთა ასაკში“. სწორედ მისმა მრავალწლიანმა შრომამ და კვლევებმა საფუძველი დაუდო  საქართველოს ბავშვთა ჰემატოლოგიური ნორმების დადგენას.

პროფესორი კვეზერელი-კოპაძე 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონოგრაფიის ავტორია. დაცული აქვს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, რომელთა თემებიც დღესაც აქტუალურია მედიცინის მეცნიერებაში.

ის მრავალი პროფესიული ორგანიზაციის წევრი და დამფუძნებელი იყო, მათ შორის საქართველოს პედიატრთა ასოციაციის პრეზიდენტიც. მისი ღვაწლი არაერთხელ იქნა აღიარებული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2015) და ღირსების ორდენით (1997).