განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე

განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე

2014 წლის 15 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ის  განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღეს დაესწრო.

როგორც პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრეებს განუცხადა, ძალიან კმაყოფილი იყო, რომ ასე მალე შეესხა ხორცი მის ინიციატივას. განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსდა. ცენტრის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვლიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადება.

''ჩვენ გვესმის, რამდენად პერსპექტიულია სახელმწიფო, რომელსაც განათლებული და პროგრესული ახალგაზრდობა ჰყავს. თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ განათლებული და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ წარმატებას. სახელმწიფომ კი ასეთი ადამიანების რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.სწორედ ეს იყო ჩემი ინციატივის მიზანი და ამისათვის შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი. ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის წესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის პრივილეგიებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას აქვს დიდი მომავალი. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს.'' - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცენტრი 3 პროგრამას ახორციელებს:

1. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის დაფინანსება

2. საზღვარგარეთ მცხოვრები მეცნიერების და პრაქტიკოსების მოწვევა საქართველოში

3. საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

"მინდა ყველა სტუდენტს ვუთხრა, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რადგან ძალიან კარგი საშუალებაა საზღვარგარეთ დაფინანსების მოსაპოვებლად. იცით, რა ხარჯებს უკავშირდება საზღვარგარეთ სწავლა და ბევრს ამის საშუალება არ აქვს. ახლადდაარსებულმა განათლების საერთაშორისო ცენტრმა ძალიან კარგი, საქმიანი წინადადებები შესთავაზა სტუდენტებსა და მაგისტრის ხარისხის მაძიებლებს, იმედია ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს ამით", - განაცხადა  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამა საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ ქართველი ახალგაზრდების ისევ სამშობლოში დაბრუნებას და თავიანთი ცოდნის საქართველოსთვის მოხმარებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, სტუდენტებთან შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, სსიპ საჯარო სამსახურის  ბიუროსა და უნივერსიტეტებს შორის.

უნივერსიტეტების რექტორებმა სიმბოლურად ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილ ბანერზე ავტოგრაფები დატოვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  სტუდენტები, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა  ნინო ჭელიძემ  დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს დამსწრეებს. მათ  სტუდენტებს მოუწოდეს დარეგისტრირდნენ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, დროულად გაიარონ სამაგისტრო კონკურსის ეტაპები:

• კონკურსის ვადებში ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირება და სააპლიკაციო ფორმის შევსება;

• საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ეს მართლაც არაჩვეულებრივი შანსია მათთვის, მიიღონ მაღალი დონის განათლება და საკუთარი კომპეტენცია საქართველოს მოახმარონ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ “განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ვებ–გვერზე:   www.iec.gov.ge