თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო სემინარს „გენომური ეპიდემიოლოგია საქართველოში“ უმასპინძლა.
სემინარი გაიმართა ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „დაავადებათა ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოში ეპიდემიოლოგიური და მოლეკულური (გენომური) ზედამხედველობის გაუმჯობესების გზით“ ფარგლებში, რომელიც გენომურ სექვენირებაზე, გენომურ ზედამხედველობაზე ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სრული გენომის სექვენირება (WGS) სწრაფად ვითარდება, თუმცა მისი განვითარების დონე განსხვავდება როგორც პათოგენების და დაავადებების, ასევე, ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით. მომხსენებლების განმარტებით, გენომური ეპიდემიოლოგიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არაერთმა აკადემიურმა კვლევამ, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელდა. აღნიშნულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სექვენირების გზით მიღებული შედეგების ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ მნიშვნელობას.
ბევრ ქვეყანაში გენომური სექვენირების სისტემა COVID-19 პანდემიის დროს დაინერგა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მეთოდის მნიშვნელობას. გენომური მონაცემების გამოყენება ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქებების დროს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა, რაც საშუალებას იძლევა, პათოგენების გენომური ანალიზის საფუძველზე განისაზღვროს მათი გავრცელების მექანიზმები, გაანალიზდეს ეპიდემიოლოგიური მარშრუტები და შემუშავდეს შესაბამისი პრევენციული ზომები.
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ვილნიუსის უნივერსიტეტის მარი სკლოდოვსკა-კიურის სახელობის პოსტდოქტორანტი მკვლევარი, დოქტორი მიგლე გაბრიელაიტე და ვილნიუსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის -,,სანტაროსის კლინიკა" ბიობანკის ხელმძღვანელი დოვილე იოზაპაიტე.
მომხსენებლებმა სესიაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: გენომური ეპიდემიოლოგია: დნმ, ხეები და საათები; პრაქტიკული ასპექტები: ეთიკიდან ნიმუშებამდე; კონკრეტული შემთხვევების განხილვა: სწავლა საავადმყოფოდან პანდემიამდე; ცრუ/ყალბი მონაცემები, რეალური შედეგები; დეზინფორმაციასთან ბრძოლა გენომის სფეროში.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა, სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.