სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, 21 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გენტის უნივერსიტეტის (ბელგია) დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ბელგიელი სტუმრები შეხვდნენ თსსუ-ის რექტორს და აკადემიურ პერსონალს, სადაც განიხილეს კვლევითი თანამშრომლობის, სტუდენტური მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების პერსპექტივები.
ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სტუდენტური მობილობის გაძლიერების საჭიროებაზე. ამ მიმართულებით, ისაუბრეს კონკრეტული სტრატეგიული ნაბიჯების შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
ბელგიელმა სტუმრებმა გააკეთეს მოხსენება გენტის უნივერსიტეტში არსებული პროგრამების შესახებ, ასევე მიიღეს ინფორმაცია თსსუ-ის სასწავლო პროგრამებზე. ეწვივნენ კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას და კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრს.
გენტის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ბელგიაში, რომელიც გამოირჩევა ბიოტექნოლოგიის, მდგრადი განვითარების და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით შესრულებული კვლევებით. გარდა ამისა, თანამშრომლობს ევროპულ უნივერსიტეტებთან ERASMUS+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში და გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას.