გივი ჟვანია  – პატარა პაციენტების დიდი მკურნალი

გივი ჟვანია – პატარა პაციენტების დიდი მკურნალი

2017 წლის 14 დეკემებრს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ცნობილი ქართველი პედიატრის, პროფესორ გივი ჟვანიას დაბადებიდან 90 წელი აღნიშნეს.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ: სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, გივი ჟვანიას ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.
საღამო  მიჰყავდა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორს, ბატონ  ჯონი ჯანაშიას, რომელმაც საზოგადოებას გივი ჟვანიას ბიოგრაფიული დეტალები შეახსენა.

ბატონმა ჯონიმ   განსაკუთრებული სითბოთი ისაუბრა პატარა პაცინტების დიდ დასტაქარზე: „ნათქვამია ადამიანის  შინაგანი ბუნება, მისი სახის გამომეტყველებაზე, ღიმილზე აისახება. შეხედეთ ამ სახეს, რამდენი სითბო და სიყვარული იფრქვევა ამ დიდრონი თვალებიდან. ეს კეთილღიმილიანი კაცი  საოცარი ქომაგი იყო პატარა პაციენტების, ახალგაზრდების, თავისი ფაკულტეტის, სტუდენტების. ყველას სატკივარი გულთან მიჰქონდა. ოპერაციის დროს მისი თითების მოძრაობა ვირტუოზი პიანისტის დაკვრას ჰგავდა.  დაუსრულებლად შეიძლება მასზე საუბარი, მისი გახსენება“.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა  თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადაჭკორია: „პროფესორი გივი ჟვანია სრულიად ახალგაზრდა შემოვიდა ბავშვთა ქირურგიის სამყაროში, როგორც დიდი და კეთილი ზღაპრის გმირი. ამ სამყაროში მან თითქმის 50 წელი იცხოვრა. ამ ხნის განმავლობაში ბატონმა გივიმ ქვეყანაში ბავშვთა ქირურგიის დარგი განავითარა. იგი 18 წლის განმავლობაში იყო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტის დეკანი და ბავშვთა ქირურგების თაობები აღზარდა. დატოვა დიდი სამეცნიერო შრომები. ამავდროულად  იყო კარგი ორგანიზატორიც,   მისი ინიციატივით, გავლენითა და ძალისხმევით ჩამოყალიბდა თსსუ–ის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. ეს კლინიკა დღეს ერთ–ერთი ძლიერი პედიატრიული კლინიკაა და ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“.

გულთბილად ისაუბრა გივი ჟვანიას პიროვნებაზე „თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის“  დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა  ლია ძიძიგურმა: „ბატონ გივისთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებდა. საოპერაციო მაგიდასთან მასთან ერთად 10 წელი ვმუშაობდი.   ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ გეგრძნოთ მისი განსაკუთრებულობა. უამრავი კეთილი ამბის გახსენება  შეიძლება მასზე როგორც ექიმზე, პედიატრზე, ორგანიზატორზე. ამასთანავე სადავო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ შეუძლებელია იყო კარგი ექიმი, კარგი პედაგოგი, თუ არ ხარ კარგი ადამიანი. სწორედ ასეთი იყო ბატონი გივი. იგი  თითქოს თავად განიცდიდა ყოველი პატარა პაციენტის ტკივილს. მას შეეძლო ეთქვა: ყველა პაციენტის ტკივილი  ჩემი სულის ტკივილია. ვხარობ და ვზეიმობ მაშინ, როცა სიცოცხლისათვის ბრძოლა გამარჯვებით სრულდება“.

პატარა პაციენტების დიდი მკურნალი – ბატონი გივი ჟვანია  დიდი სიყვარულით მოიგონეს კოლეგა-პროფესორებმა: მერაბ ბუაძემ, რამაზ კუტუბიძემ, ნუგზარ უბერმა, გოგი ჩახუნაშვილმა.

საღამოს დასასრულს, მამის ღვაწლის გახსენებისა და დაფასებისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს,  დამსწრე საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა ბატონი გივი ჟვანიას ვაჟიშვილმა - თემურ ჟვანიამ, რომელიც თავადაც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  მოღვაწეობს.

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2" იუბილეს შესახებ